ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, სისტემურ ოპოზიციად იქცევა, რომელიც დიქტატურულ ძალას, ივანიშვილის ბანდის სახით, დემოკრატიული პროცესების იმიტაციაში დაეხმარება – წინააღმდეგობა შესუსტდება, ის რაც მთავარ დაბრკოლებას უქმნის რეჟიმს, რაც შიდა დაპირისპირებებსა და რყევებს იწვევს, ასევე საერთაშორისო ზეწოლას, რაც ერთადერთი გზაა მსგავსი რეჟიმების წინააღმდეგ საბრძოლველად,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი, თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას გამოეხმაურა.
მისი თქმით, იმ პარტიებმა, რომლებიც 4 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობის მიღების მზაობა გამოთქვეს, 19 ივლისის აქციაზე დაინახეს, თუ რა იყო საპროტესტო ელექტორატის მოთხოვნა და დაკვეთა.
„4 ოქტომბერს რომ არჩევნები იყოს, ყველა პოლიტიკოსი დიდი სიამოვნებით მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ ქვეყანაში არჩევნები აღარ ტარდება, ამიტომ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. ორი მთავარი მიზეზია, ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, სისტემურ ოპოზიციად იქცევა, რომელიც დიქტატურულ ძალას, ივანიშვილის ბანდის სახით, დემოკრატიული პროცესების იმიტაციაში დაეხმარება. მეორე: წინააღმდეგობა შესუსტდება, ის რაც მთავარ დაბრკოლებას უქმნის რეჟიმს, რაც შიდა დაპირისპირებებსა და რყევებს იწვევს, ასევე საერთაშორისო ზეწოლას, რაც ერთადერთი გზაა მსგავსი რეჟიმების წინააღმდეგ საბრძოლველად. მონაწილეობის მიღებით ამ ბრძოლას დააზიანებს პოლიტიკური აქტორი. ერთადერთი, რაც უნდა შეცვალოს არის პოლიტიკური აქტორების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, 19 ივლისს აქციაზე კარგად დაინახეს, თუ რა არის საპროტესტო ელექტორატის დაკვეთა“,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, იმ ადამიანების დიდი ნაწილი, რომლებიც სხვა ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებას არჩევნებში მონაწილეობის არ მიღებასთან დაკავშირებით აკრიტიკებენ, „ქოცი“ იყო, რომლებიც კვლავ „ქოცურ“ ნარატივს მიყვებიან“.
„მათი დიდი ნაწილი [„ლელო-ძლიერი საქართველო“ და „გახარია-საქართველოსთვის“] „ქოცი“ იყო ცოტა ხნის წინ და ახლაც შესაძლოა „ქოცურ“ ნარატივს მიჰყვებიან ხოლმე, სინამდვილეში ვისაც უნდა რომ პროტესტში და წინააღმდეგობაში ნიჰილიზმი დათესოს, არის ივანიშვილი და მისი ბანდა. ამ ქვეყანაში ყველამ იცის, რომ დიქტატურული რეჟიმები მარცხდება არა სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებით, არამედ ბრძოლით, წინააღმდეგობით, საპროტესტო გამოსვლებითა და არ თანამშრომლობით. ერთადერთი გზა ივანიშვილის ბანდის დემონტაჟის არის ეს და არა ისეთ პროცესში შესვლა, რომელშიც თავიდანვე განწირულები არიან პოლიტიკური ძალები მარცხისთვის, რომლებიც მონაწილეობას იღებენ. თუ ეს ხალხი საპროტესტო ელექტორატის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას არ დაჰყვება, მათთვისვე იქნება ცუდი, რადგან მათ მხარს უჭერენ ივანიშვილს მოწინააღმდეგეები და არა ის ხალხი, ვინც სტატუს-კვოს შენარჩუნებას უჭერენ მხარს“,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
