სახელმწიფო ტენდერებში რისკები არასწორად გადანაწილება სექტორს რისკიანს ხდის – ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, დღეს სახელმწიფო ტენდერებში რისკები არასწორი გადანაწილებული სექტორს რისკიანს ხდის. ამის შესახებ ირაკლი გიორგობიანმა “საქმის კურსში” ისაუბრა.
სახელმწიფო შესყიდვებში არსებულ გამოწვევებზე ბიზნესი ყურაღდღებას წლებია ამახვილებს. ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, მათი თქმით, ტენდერების ღირებულებაა. დარგის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ განფასება ხშირად რეალობას არ ასახავს, რის გამოც კონკრეტულ ტენდერებში კომპანიებს მონაწილეობა არ უღირთ.
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა მთავარ აქცენტს მაღალ ხარისხზე აკეთებს, რასაც ბიზნესი მიესალმება, თუმცა მაღალი ხარისხის მისაღწევად აუცილებელია პროექტების ადეკვატური განფასება მოხდეს.
“სექტორი დამკვეთის მხრიდან ხარისხზე აქცენტირებას მიესალმება. უბრალოდ, მაღალი ხარისხი შესაბამის ფასად მიიღწევა. იმედი გვაქვს, რომ ხარისხის მოთხოვნების ზრდასთან ერთად პროექტების ადეკვატური განფასება მოხდება, რაშიც ვფიქრობ, რომ სამინისტროსთან თანხვედრა გვაქვს – იმაში, რომ სამუდამოდ უნდა შევეშვათ ძველ ე.წ. სნიპებს და გადავიდეთ იმ სტანდარტებზე, ნორმებზე, რომლებიც ხარისხობრივი ინფრასტრუქტურის მოთხოვნებს, შესაბამის ვადებს რეალურად განსაზღვრავს და ხელს უწყობს ტექნოლოგიების შემოტანას, დიგიტალიზაციას და ასე შემდეგ.
პროცესში რისკები არასწორად არის გადანაწილებული. ეს კი კერძო მოთამაშეებისთვის და სერვისის მიმწოდებლებისთვის სექტორს მაღალ რისკიანს ხდის, რაც თავის მხრივ დაბალ კონკურენციას განაპირობებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო სწორად იაზრებს ამ გარემოებას. სექტორში რისკიანობა შესამცირებლად, მხარეებს შორის რისკები სწორედ უნდა გადანაწილდეს. ჩვენ გავიზიარებთ საერთაშორისო პრაქტიკას და იმედი მაქვს, რომ პოზიციებს ამ ნაწილშიც შევაჯერებთ – სადაც სწორედ ინდექსაცია თამაშობს მნიშვნელოვან როლს, და აზღვევს ფასებთან დაკავშირებულ რისკებს.
ფასზე ზეგავლენა და კონტროლი არ შეუძლია არც შემსყიდველს და არც მით უმეტეს შემსრულებელს, რადგან მიმწოდებელი ამ რისკს ვერ მართავს, აქედან გამომდინარე ეს რისკი მასზე არ უნდა იყოს. შედეგად, ვადებში გაწელილ პროექტებს ვიღებთ. როგორც არაერთხელ მითქვამს, კარგი ფასი უზრუნველყოფს ვადებსაც და ხარისხსაც. მივესალმებით იმას, რომ ხარისხი ხდება პრიორიტეტი, შესაბამისად იმედი და გაგება გვაქვს იმაშიც, რომ ხარისხი მხოლოდ შესაბამისი ფასით და ვადებით მიიღწევა”, – ამბობს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.