ბათუმის პორტიდან ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება 15%-ით შემცირდა – რამ გამოიწვია კლება?

ბათუმის პორტის გავლით ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების მაჩვენებელმა დაიკლო. „ყაზტრანსოილის“ მონაცემებით, ბათუმის ნავთობტერმინალის მეშვეობით ნავთობის, ნავთობპროდუქტების და გაზის გადატვირთვის მოცულობამ 805 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2024 წლის პირველი ნახევრის მონაცემებზე 15%-ით ნაკლებია. „ყაზტრანსოილის“ მონაცემებით, შემცირება ზოგიერთი პარტიის გადაზიდვის გადავადებამ განაპირობა.
ბათუმის პორტისგან განსხვავებით, ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება გაიზარდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით. ყაზახური ნავთობკომპანიის „ყაზტრანსოილის“ მონაცემებით, წელს 6 თვეში აქთაუს პორტში ტანკერებში 1.784 მლნ ტ. ნავთობი ჩაიტვირთა, რაც 2024 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელზე 5%-ით მეტია. 785 ათასმა ტონა ნავთობმა „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ მილსადენში გაიარა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით მეტია.