სი ძინპინი ევროკავშირის ხელმძღვანელებს 24 ივლისს შეხვდება

ოფიციალური პეკინის ცნობით, სი ძინპინი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროსაბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას 24 ივლისს შეხვდება. სამიტი ევროკავშირსა და ჩინეთს შორის 50-წლიანი თანამშრომლობის აღსანიშნავად გაიმართება.
ორ მხარეს შორის ურთიერთობები ევროპის ეკონომიკური გაერთიანების, ევროკავშირის წინამორბედი ორგანიზაციის არსებობის დროს დამყარდა. ჩინეთსა და ევროგაერთიანებას შორის ვითარება განსაკუთრებულად 2021 წელს დაიძაბა, როცა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ევროკავშირმა სანქციები დააწესა. საპასუხო ზომები მიიღო ჩინეთმაც.
ვითარება ბოლო პერიოდში კიდევ უფრო დაიძაბა. მხარეებს შორის დაპირისპირების მიზეზი ელექტრომობილებთან, სამედიცინო დანადგარებთან და იშვიათ მეტალებთან დაკავშირებული სავაჭრო პირობები გახდა.