ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი კრიპტობირჟის bitFlyer დამფუძნებელ და აღმასრულებელ დირექტორ იუძო კანოს შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, მხარეებმა კომპანია bitFlyer-ის მიერ საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
„ვისაუბრეთ საქართველო-იაპონიის ეკონომიკურ ურთიერთობებზე. კომპანია bitFlyer, რომელიც იაპონიაში ერთ-ერთი ლიდერია კრიპტო ვალუტის ვაჭრობით და ბაზრის 40%-ს ფლობს, დაინტერესებულია საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით.
სტუმარს გავაცანით, თუ რამდენად ხელსაყრელი და გახსნილია საქართველოს ბაზარი უცხოელი ინვესტორებისთვის. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველოში ბიზნესის დაწყება და ოპერირება მარტივია, კაპიტალის მიმოსვლა თავისუფალია, საგადასახადო განაკვეთები – დაბალი, ასევე დამატებითი საგადასახადო შეღავათები არსებობს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი კომპანიებისთვის და ინოვაციური სტარტაპებისთვის.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ჩვენი ქვეყნიდან შესაძლებელია როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთისა და ცენტრალური აზიის ბაზრებზე ოპერირება.
ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი საერთაშორისო IT კომპანიების საქართველოში შემოსვლას და ოპერირების დაწყებას, რაც თავის მხრივ შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, წაახალისებს ინოვაციებს და ხელს შეუწყობს ქვეყნის ტექნოლოგიურ განვითარებას“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ შოთა ბერეკაშვილმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში, თეიმურაზ ლეჟავა.