გორის გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა იმოქმედებს. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განმარტებით, შეზღუდვა გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებას უკავშირდება. შეზღუდვა 21 ივლისიდან, 5 დღის განმავლობაში 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს.
,,საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2025 წლის 21 ივლისის 23:00 სთ-დან 22 ივლისის 07:00 სთ-მდე და 22 ივლისის 23:00 სთ-დან 23 ივლისის 07:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 23 ივლისის 23:00 სთ-დან 24 ივლისის 07:00 სთ-მდე და 24 ივლისის 23:00 სთ-დან 25 ივლისის 07:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის
ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ
საავტომობილო გზაზე. საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის
მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების
შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.”- ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გავრცელებულ განცხადებაში.
