საქართველოში ამერიკული Acrow Bridge შემოდის

საქართველოში ამერიკული Acrow Bridge შემოდის. კომპანიის ადგილობრივი წარმომადგენელი აკაკი ჯიქია იქნება – კომპანია Infra Construction-ის მეწილე და დირექტორი. 2012 წლიდან აკაკი ჯიქია Anagi Infra Construction-ის მმართველი პარტნიორიც არის.
“ანალიტიკა”-სთან ინტერვიუში აკაკი ჯიქია ამბობს, რომ საქართველოს მდებარეობა, მისი სატრანზიტო მნიშვნელობა და პოტენციალი; ასევე – მისი მთაგორიანი ლანდშაფტი განსაკუთრებით მიმზიდველია ისეთი ტექნიკური და ტექნოლოგიური მახასიათებლების მქონე ხიდებისთვის, რომელსაც ამერიკული Acrow მსოფლიოს 150 ქვეყანაში აწარმოებს.
“კონკურენცია, რა თქმა უნდა, არის – ეუბნება აკაკი ჯიქია “ანალიტიკა”-ს – მაგრამ Acrow-ს აქვს ბევრი პლუსი. ის არ არის მხოლოდ პროდუქტის მომწოდებელი. მის უკან დგას საინჟინრო-საპროექტო ჯგუფები, რომლებიც კლიენტს გადაწყვეტას სთავაზობენ როგორც სტანდარტულ, ისე არასტანდარტულ შემთხვევებშიც.”
როგორც აკაკი ჯიქია გვიხსნის, Acrow Bridge-ს აქვს, მაგალითად, მაქსიმალური – 80-მალიანი ხიდები, რომელთა გამოყენებაც ყველაზე რთულ პირობებშია შესაძლებელი.
ამერიკული Acrow საქართველოში განიხილავს როგორც კერძო, ისე სამთავრობო პროექტებში ჩართულობას – განსაკუთრებით, მაღალმთიან რეგიონებში – იქნება ეს ჰესები თუ სხვა ტიპის პროექტები. კომპანია პოტენციალს ხედავს არა მხოლოდ ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობის, არამედ ძველი ხიდების რეაბილიტაციის თვალსაზრისითაც. საქართველოში Acrow Bridge-ის ოფიციალურ წარმომადგენელს მიაჩნია, რომ გამოცდილი ამერიკული კომპანიის ქართულ ბაზარზე გამოჩენა ზოგადად, ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხზე დადებითად აისახება.
“კომერციული თვალსაზრისით, Acrow-ს აქვს მოქნილი მოდულარული სისტემა, რომელსაც დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია, როგორც დროებითი ისე პერმანენტული კონსტრუქციების შემთხვევაში. ეს ნიშნავს ინსტალაციის და მშენებლობის პერიოდის შემცირებას და ექსპლუატაციის ვადის კიდევ უფრო მეტად გახანგრძლივებას. დარწმუნებული ვართ, რომ Acrow-ს ხიდები საქართველოში პოპულარული გახდება”, – უთხრა აკაკი ჯიქიამ “ანალიტიკა”-ს. ამ ეტაპზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საქართველოში საპროექტო კომპანიებთან იმისთვის, რომ Acrow Bridge-ის პროდუქციაზე ცნობიერება ამაღლდეს.