სანამ იკაკო ზარ-ზეიმით გვაჩვევს ვიზალიბერალიზაციის დაკარგვას, იმას, რომ თურმე სამედიცინო დახმარების, სამუშაოდ, ლუკმაპურის საშოვნელად, განათლების მისაღებად და სხვა მიზეზით ევროპაში წამსვლელები, ცეკვის ანსამბლით მოგზაურობის პრაქტიკას უნდა დაუბრუნდნენ, ქვეყნის ეკონომიკა დღითიდღე უფრო და უფრო მძიმე მდგომარეობაში შედის, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ქვეყნის მიერ განხორციელებულ ექსპორტში, ყველაზე დიდ წილს, ქვეყნიდან ავტომობილების რეექსპორტი აჩვენებს, რაც იმის მაჩვენებელია, თუ როგორ ხდება საქართველოს იურისდიქციის გამოყენება, სანქცირებული რუსეთის სასარგებლოდ.
„სანამ სამთავრობო პროპაგანდა საგარეო ვაჭრობის მონაცემებზე ტყუილების ტირაჟირებას დაიწყებს, მანამდე რამდენიმე ფაქტი:
1. ქვეყნის მიერ განხორციელებულ ექსპორტში, ყველაზე დიდ წილს, ისე როგორც ყველაზე დიდი ზრდის მაჩვენებელს, ქვეყნიდან ავტომობილების რეექსპორტი აჩვენებს. ეს არის ყველაზე ცხადი და ყველაზე მასშტაბური გამოვლინება იმის, თუ როგორ ხდება საქართველოს იურისდიქციის გამოყენება, სანქცირებული რუსეთის სასარგებლოდ. (ყირგიზეთის და ყაზახეთის გავლით, რომელთაგან 2022 წლის შემდეგ ერთგან 32-ჯერ, ხოლო მეორეგან 54-ჯერ არის გაზრდილი ავტომობილების რეექსპორტი)
2. წლის დასაწყისიდან, ექსპორტის ზრდაში ასევე ფიქსირდება ძვირფასი ლითონების, მათ შორის, ოქროს ექსპორტის მატება – ეს, ქვეყნის რა გითხრათ, მაგრამ იმავე კაცისთვისაა სარგებლის მომტანი, რომელმაც 500 მილიონი დოლარის ნახატები გადასახადის გადახდის გარეშე ქვეყანაში შემოაბრძანა.
3. შემცირებული ღვინის ექსპორტიც და ფეროშენადნობების ექსპორტიც, რომელიც არცაა გასაკვირი იმის ფონზე, რომ თითქმის ყველა მოპოვებითი საქმიანობა – კლანების კონტროლის ქვეშაა და იქ დასაქმებული ხალხი დღემდე შიმშილობს.
სანამ ასე ზარ-ზეიმით გვაჩვევს იკაკო ვიზალიბერალიზაციის დაკარგვას, იმას, რომ თურმე სამედიცინო დახმარების, სამუშაოდ და ლუკმაპურის საშოვნელად, განათლების მისაღებად და სხვა მიზეზით ევროპაში წამსვლელები, ცეკვის ანსამბლით მოგზაურობის პრაქტიკას უნდა დაუბრუნდნენ, ქვეყნის ეკონომიკა დღითიდღე უფრო და უფრო მძიმე მდგომარეობაში შედის.
ჰა, ახლა დასცხეთ პროპაგანდა!“, – წერს ლილუაშვილი.
