გასტრონომიული კულტურის განვითარების ასოციაციის დამფუძნებელი და თავმჯდომარე თამარ სიხარულიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანას აუცილებლად სჭირდება გასტრონომიის სტრატეგია, თუმცა მისი შემუშავება სექტორში მომუშავე გამოცდილი პროფესიონალების ჩართულობით უნდა მოხდეს.
საქმე ისაა, რომ ტურიზმის ადმინისტრაცია ქართული გასტრონომიის SWOT ანალიზსა და სტრატეგიაში 261,000 ევროს გადაიხდის. 2025 წლის 26 ივნისს, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანურ კომპანიასთან FORO DE DEBATE SLU ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც კონსულტანტმა ქვეყნის გასტრონომიული ტურიზმის პოზიციონირების გეგმა უნდა შეიმუშაოს. პროექტის მიზანია, საქართველომ გააძლიეროს როგორც საერთაშორისო მასშტაბით მიმზიდველი გასტრონომიული ტურიზმის მიმართულება და შეიქმნას გრძელვადიანი სტრატეგია ამ დარგის განვითარებისათვის.
თამარ სიხარულიძე მიიჩნევს, რომ საკითხზე სექტორთან უნდა ყოფილიყო შესაბამისი კომუნიკაცია, რაც არ მომხდარა. ამასთან, ის ვარაუდობს, რომ თუ სამომავლოდ სექტორის წარმომადგენლების ჩართვა მოხდება, ისეთი ადამიანები შეირჩევიან, ვინც მთავრობის მიმართ ლოიალურია.
“ის, რომ სტრატეგია აუცილებლად არის გასაკეთებელი, ნამდვილად ვაღიარებ და მეც ძალიან ბევრჯერ მითქვამს, ასე ქაოსურად არ უნდა ვითარდებოდეს სფერო. რაც შეეხება კონკრეტულ კომპანიას [FORO DE DEBATE SLU], მე არ მაქვს ინფორმაცია, რა გამოცდილება აქვს სხვა ქვეყნებში სტრატეგიის დაწერის. ძალიან კარგია უცხოელი ექსპერტების ჩართულობა და მათი გამოცდილება, მაგრამ აუცილებელია ადგილობრივად იმ ადამიანების ჩართულობა, ვისაც ამ მიმართულებით აქვს პრაქტიკული და თეორიული გამოცდილება.
ცოტა გაუგებარია, რომ ქვეყანაში იმ ადამიანებს, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს, არ აქვთ ინფორმაცია. ჩემი აზრით აქ უნდა იყოს შექმნილი გუნდი პროფესიონალებისგან. პირველ რიგში, ეს უნდა განხილულიყო სექტორთან. კერძო და საჯარო პარტნიორობის ფარგლებში უნდა მომხდარიყო შეხვედრა და შემდეგ ჯგუფი შექმნილიყო, რომელთან ერთადაც კონკრეტული კომპანია, რომელიც მათ დაიქირავეს და ამხელა თანხას უხდიან, კოლაბორაციას მოახდენდა სტრატეგიაზე მუშაობისას. უცხოეთიდან ჩამოსულმა ადამიანმა, ვთქვათ, არ იცის არც ჩვენი გასტრონომიული კულტურა, რეგიონალური გასტრონომია.
შესაძლებელია, რომ ტურიზმის ადმინისტრაციას ეს ჰქონდეს გეგმაში და სამომავლოდ აპირებდეს, ოღონდ მეეჭვება, რომ იქნება იმ ადამიანების ჩართულობა, ვინც ტურიზმის ადმინისტრაციის მიმართ ლოიალურად არიან განწყობილი და როგორც ყოველთვის, მოხდება ისე, როგორც მათ აწყობს. რაც დაიწყო აქციები, იმ ადამიანებთან, ვისაც ვთქვათ [კრიტიკული] პოსტი მაინც დაუწერია და რაღაცა ისეთი მომენტი ყოფილა, არანაირი კომუნიკაცია მათ არ აქვთ”,- აცხადებს თამარ სიხარულიძე.
bm.ge
