“ევროპელები აღარ მოდიან” – რა გამოწვევებია საქართველოს საქმიანი ტურიზმის ინდუსტრიაში?

საქმიანი ტურიზმის მომსახურების პროვაიდერის BTL Georgia-ს წარმომადგენლებმა, მაია ბიბილაურმა და გურამ ავალიანმა, BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ MICE (საქმიანი ტურიზმი) ტურიზმში არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.
BTL Georgia-ს მფლობელმა და დირექტორმა, მაია ბიბილაურმა ევროპული ბაზრების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ ბაზრებიდან შემოსული პროექტები კომპლექსური და გამოწვევებით სავსეა, რაც მათ პროფესიონალურ ზრდას უწყობს ხელს.
“ევროპულმა ბაზარმა იცის, რა არის MICE ტურიზმი. როცა ევროპული ბაზრებიდან მოდის პროექტები, ისინი უფრო საინტერესო, რთული და კომპლექსურია, რაც ჩვენს პროფესიონალურ უნარებს ზრდის. თუმცა, ახლა [ევროპელები] აღარ მოდიან”, – განაცხადა ბიბილაურმა.
როგორც BTL Georgia-ს ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა გურამ ავალიანმა აღნიშნა, საქართველოში MICE ტურიზმმა ევროპული ბაზრები და ბევრი ორგანიზაცია დაკარგა. ავალიანი ამბობს, რომ ამ ეტაპზე კომპანიამ ვერ იპოვა ევროპული ბაზრების შემცვლელი სეგმენტი, რაც, მისივე აზრით, არა მხოლოდ მათი გამოცდილების, არამედ მთლიანად ტურიზმის ინდუსტრიის გამოწვევაა.
„კორპორაციული მიმართულებით, ევროპული ბაზრების ჩანაცვლება ვერ ვიპოვეთ. როგორც ჩვენ, ასევე, ზოგადად ინდუსტრია ამისთვის მზად არ არის. კორპორაციული ტურიზმი, ფაქტობრივად, დასავლური კულტურის ნაწილია და ეს რეალიზდებოდა ჩვენს ქვეყანაში MICE პროექტების სახით. თუმცა ახლა, როდესაც ვსაუბრობთ ინდუსტრიაში ცვლილებებზე, აუცილებელია გავიაზროთ, რომ არა მხოლოდ სერვისის დონეზე, არამედ მთლიანად პროდუქტის განვითარებაში გვაქვს გამოწვევა, რადგან ბოლო 12 წელია ჩვენ მიერ მიწოდებული მომსახურება დასავლური სტანდარტების შესაბამისად ვითარდებოდა”, – აღნიშნა გურამ ავალიანმა.
ინფორმაციისთვის, BTL Georgia, რომელიც ქართულ B2B ბაზარზე 2011 წლიდან ფუნქციონირებს, წარმოადგენს MICE (Meetings, Incentives, Conferences, Events), DMC (Domestic Management Company) და PCO (Professional Conference Organizer) მომსახურების პროვაიდერს.