დასავლელი ტურისტების მოლოდინი მაღალი იყო… მიმდინარე მოვლენებმა გავლენა იქონია – Anapea Village

დასავლელი ტურისტების მოლოდინი უფრო მაღალი იყო, თუმცა მიმდინარე მოვლენებმა სეზონზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, – ამის შესახებ კახეთში მდებარე ტურისტული კომპლექსის Anapea Village-ის დამფუძნებელმა ხატია დარგუაშვილმა, BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.
მისი თქმით, ზაფხულის სეზონი აქტიური დატვირთვით დაიწყო, თუმცა აღსანიშნავია ტურისტული ნაკადების შემცირება დასავლური, განსაკუთრებით კი ევროპული ქვეყნებიდან.
დარგუაშვილის შეფასებით, უცხოელ სტუმართა განსაკუთრებული ინტერესის ფონზე, დასავლეთიდან უფრო ინტენსიური ტურისტული ნაკადის მოლოდინი არსებობდა. თუმცა, მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები პირდაპირ აისახება როგორც Anapea Village-ის, ისე ზოგადად სექტორში ტურისტული ობიექტების დატვირთვაზე.
„[ტურისტების] მასშტაბის თვალსაზრისით მეტს ველოდით, მაგრამ ქვეყანაში განვითარებულმა პროცესებმა მთელ ტურისტულ სეზონზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. უსაფრთხოების განცდა, რაც ევროპელი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, გარკვეულწილად შერყეულია. სწორედ ამის გამო, შესაძლოა, ბევრი მათგანი თავს იკავებს საქართველოში მოგზაურობისგან. ისინი საქმის კურსში არიან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და, შესაბამისად, თავშეკავება სწორედ უსაფრთხოების საკითხებს და ქვეყნის კურსის გაურკვევლობას უკავშირდება. თუმცა, ჩვენ ვითარებას ადეკვატურად ვუყურებთ და მიუხედავად სირთულეებისა, არ ვაპირებთ გაჩერებას“, – აცხადებს დარგუაშვილი.
Anapea Village-ის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მიუხედავად შაბათ-კვირის სრული დატვირთვისა, სამუშაო დღეებში სტუმართა ნაკადის სტაბილურად შენარჩუნება სერიოზულ გამოწვევად რჩება. ამ დისბალანსის აღმოსაფხვრელად, კომპლექსი აქტიურად მუშაობს მრავალფეროვანი აქტივობებისა და ღონისძიებების დაგეგმვაზე, რათა ტურისტული სივრცე სხვადასხვა ინტერესების მქონე სტუმრებისთვის მიმზიდველი გახდეს.
ინფორმაციისთვის, ყვარლის რაიონის სოფელ თხილისწყაროში მდებარე Anapea Village-ის ისტორია ღვინის წარმოებასა და ვენახების კულტივაციასთან არის დაკავშირებული. თუმცა, მალევე, მისმა დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს სტუმრებისთვის ავთენტური და სრულფასოვანი გარემოს შეთავაზება. სწორედ ასე დაიბადა იდეა მეცხრამეტე საუკუნის არქიტექტურით შთაგონებული ისტორიული სოფლის შექმნის შესახებ, რომელიც მიმდინარე წლიდან ამოქმედდა.