ქართველი სტუმარი მოკლე ჯავშნის პერიოდით გამოირჩევა, გავრცელებულია “ბოლო წუთის” ჯავშნები – “ლოპოტა სპა რეზორტი”

შიდა ტურიზმის მიმართულებით მცირე კლება შეინიშნება, – ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ტურისტული ობიექტის “ლოპოტა სპა რეზორტი” კომერციულმა დირექტორმა, მაკა ღლიღვაშვილმა ისაუბრა.
მისივე თმით, ქართველი სტუმრები მოკლე ჯავშნის პერიოდით გამოირჩევიან.
“შიდა ტურიზმი “ლოპოტასთვის” 100%-დან 50%-ს წარმოადგენს. წლებია ასეა და ამ მიმართულებით თუ პირველ ორ კვარტალზე ვისაუბრებთ, წელს გარკვეული ცვლილებები იყო ამ მიმართულებით, რადგან ცოტა დაკლებულია შიდა ტურიზმის მიმართულება. მაგრამ, რადიკალური ცვლილება არ ფიქსირდება.
რაც შეეხება სეზონის პერიოდში ჯავშნებს, სამწუხაროდ, ქართველი სტუმარი ძალიან მოკლე ჯავშნის პერიოდით გამოირჩევა, ანუ გავრცელებულია ბოლო წუთის ჯავშნები, რის გამოც შესაძლებელია მომხმარებელმა სრულად დაჯავშნილი ნომერ ფონდის გამო, ვეღარ დაჯავშნოს მისთვის სასურველი ნომერი. ეს იმიტომ, რომ საერთაშორისო ტურისტი განთავსების ობიექტს ბევრად ადრე ჯავშნის და შესაბამისად, უფრო ადრე იყიდება ნომრებიც”, – თქვა მან და დასძინა, რომ ახლა ქართული ბაზრიდან საკმაოდ დიდი მოთხოვნა არის, თუმცა ეს მოთხოვნა ვერ კმაყოფილდება, ვინაიდან ოთახები აღარ არის.