რა ჯდება ავტომობილის საჯარიმო ავტოსადგომიდან დახსნა

„თვითნებურად გადაკეთებული“ ავტომობილის გამოყენების აკრძალვამ, საჯარიმო ავტოსადგომები კიდევ უფრო დატვირთა.
შეგახსენებთ, რომ ივლისიდან თვითნებურად გადაკეთებულად ითვლება მათ შორის ისეთი სატრანსპორტო საშუალებებიც, რომელსაც ქარხნული მაყუჩი არ აქვს. შესაბამისად, ის სპეციალურ სადგომზე გადაყვანას ექვემდებარება.
რაც ყველაზე მთავარია, კანონის თანახმად, პოლიციელი უფლებამოსილია საკუთარი ეჭვისა და შეხედულების საფუძველზე დაწეროს 200-ლარიანი ჯარიმა და პირი სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს.
ზოგადად, ავტომობილი რამდენიმე მიზეზით შეიძლება მოხვდეს საჯარიმო ავტოსადგომზე. ეს შეიძლება იყოს როგორც დგომა-გაჩერების წესების დარღვევა, ისე ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა.
რა ჯდება ავტომობილის სპეციალური სადგომიდან დახსნა.
როგორც bpn.ge-ს საჯარიმო ავტოსადგომში განუცხადეს, საბოლოო ღირებულებას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს. კერძოდ, ანგარიშდება როგორც ევაკუატორის მომსახურება,ისე ავტოსადგომზე გაჩერების ხანგრძლივობა.
უფრო დეტალურად: ავტომობილის ავტოსადგომზე გადასაყვანად ევაკუატორის მომსახურებისთვის ფიქსირებული 90 ლარია გადასახდელი, რასაც მის მიერ გავლილი კილომეტრების საფასურიც ემატება. ამ შემთხვევაში 1 კმ-ს გავლა – 4 ლარი ჯდება.
გარდა ამისა, ფასიანია საჯარიმოზე ავტომობილის დგომაც. 5 დღის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალების შენახვის ტარიფი დღეში 10 ლარია, ხოლო 5 დღის შემდეგ – ყოველდღიურად 5 ლარი იქნება გადასახდელი.
აღნიშნულ თანხას, რა თქმა უნდა, დაემატება კანონდარღვევის მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობაც.