სამშენებლო, სარემონტო და საყოფაცხოვრებო მასალების კომპანია Grossmann, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე გასული წლის ბოლოდან გამოჩნდა, განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და ამიერიდან ბაზარს სრულ სამშენებლო სერვისს სთავაზობს – ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, ვახტანგ კაჭარავამ BMGDrive-ის ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, კომპანიის განვითარების სტრატეგია სრული სამშენებლო სერვისის დანერგვას ფინალურ ეტაპზე მოიაზრებდა, თუმცა ბაზარზე შექმნილმა ვითარებამ გააჩინა შესაძლებლობა, რომ Grossmann მთავარ ფაზაზე გადასულიყო.
“ერთი წელიც არ არ გასულა, რაც ამ ბიზნესში შევედით. თავიდანვე ვამბობდით, რომ რამდენიმე ფაზად იყოფა ჩვენი განვითარების სტრატეგია და შეიძლება ითქვას, რომ რაღაც კუთხით უკვე გადავედით იმ ბოლო ეტაპზე, რაც მე თავიდან მქონდა ჩაფიქრებული. იდეა იყო, რომ უნდა შექმნილიყო ქსელი, უნდა დაგვეწყო ჩვენივე ძალებით იმპორტი, შემდეგ პორტფელი მნიშვნელოვნად უნდა გაზრდილიყო სხვადასხვა მიმართულებით… საბოლოო გაჩერება იყო, რომ ეს ერთიანი ეკოსისტემა გარდაქმნილიყო უკვე სამშენებლო სერვისების მიწოდებაში.
თუმცა დღევანდელობიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ეს ფაზები ცოტა ავურიოთ და მომხმარებლებს უკვე შევთავაზოთ სრული სამშენებლო სპექტრი, ეკოსისტემა, რაც გულისხმობს პროდუქციის მიწოდებით დაწყებული, მშენებლობით დამთავრებული, ყველაფერი, მათ შორის სამშენებლო პროექტირება, მონიტორინგი იქნება ეს, ზედამხედველობა თუ ზოგადი მენეჯმენტი, შევთავაზოთ ჩვენს კლიენტებს. ვინაიდან დღეს, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ტურბულენტობაა, ჯამში მაკრო ფაქტორებიდან გამომდინარე, სწორი დროა, რომ ბაზარზე სწორი აქცენტებით, სწორი სტრატეგიით შეხვიდე და მომხმარებლებს ხარისხიანი და სანდო სერვისი შესთავაზო”, – განმარტა BMG-ის ეთერში ვახტანგ კაჭარავამ.
ცნობისთვის, Grossmann თბილისში სამ მაღაზიას აერთიანებს. გეგმაში კი 4-5 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 15-20-მდე მაღაზიის გახსნაა. კომპანიის დამფუძნებელი BM.GE-სთან აღნიშნავდა, რომ მათი მიზანი იქნება საქართველოში ისეთი წარმატებული ბრენდების წარმომადგენლები გახდნენ, რომლებიც ქვეყანაში ჯერ შემოსულები არ არიან.
