აშშ-ის საოლქო სასამართლოს მოსამართლემ, როის ლამბერტმა USAGM-ს დაავალა, გადაურიცხოს „რადიო თავისუფლებას“ თანხა საფინანსო წლის დარჩენილი პერიოდისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, სასამართლომ დააკმაყოფილა აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) წინააღმდეგ „რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების “(RFE/RL) მიერ შეტანილი სარჩელი.
„სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსამართლემ USAGM-ს დაავალა, დროულად გადაირიცხოს „რადიო თავისუფლებისთვის კონგრესის მიერ 2025 საფინანსო წლისთვის გამოყოფილი დარჩენილი თანხა.
მოსამართლე ლამბერტი წერს: „რამდენადაც ამ სასამართლოსთვის ცნობილია, უპრეცედენტოა სააგენტოს მოთხოვნა, დარეგულირდეს გრანტის მიმღებ ორგანიზაციასთან ათწლეულების განმავლობაში არსებული სამუშაო ურთიერთობა სრულიად ახალი პირობებით და შემდეგ შეწყვიტოს რეაგირება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სააგენტო კანონით ვალდებულია, ამ კონკრეტულ ორგანიზაციას გამოუყოს კონგრესის წლიური ასიგნაციები”.
სასამართლომ განაცხადა, რომ „USAGM-ის მიერ დაფინანსების ვალდებულებების აშკარა უგულებელყოფამ“ გამოიწვია რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფლებიდან „მასობრივი დათხოვნა, პროგრამების გაუქმება და გარდაუვალი ზიანი მიაყენა გლობალურ გავლენას, რომელიც რადიო თავისუფლებამ ათწლეულების განმავლობაში შექმნა“, – წერს „რადიო თავისუფლება“.
აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს დროებითმა მმართველობამ მარტში გამოაცხადა, რომ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას გაუყინა თანხა კონგრესის მიერ დამტკიცებული დაფინანსებიდან.
14 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასცა ბრძანება მთავრობის მიერ დაფინანსებული 7 ფედერალური სააგენტოს შემცირების შესახებ. მათ შორისაა USAGM, რომელიც ზედამხედველობას უწევს „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას“, „ამერიკის ხმას“ და სხვა ფედერალურ მაუწყებლებს.
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, ტრამპის ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ USAGM-მა გაუგზავნათ წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ „რადიო თავისუფლებას“ აშშ-ის კონგრესის მიერ დამტკიცებული გრანტი უწყდება.
ამის შემდეგ „რადიო თავისუფლებამ“ აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს სასამართლოში უჩივლა.
