ჯერ სტატისტიკას გაგაცნობთ და გეტყვით, რომ იაპონიის შინაგან საქმეთა და კომუნიკაციების სამინისტროს მონაცემებით, 2023 წელს ქვეყანაში 65 წლის ან უფრო მაღალი ასაკის მქონე 9.1 მილიონი ადამიანი იყო დასაქმებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი მეოთხე ხანდაზმული მუშაობდა და, პენსიის გარდა, დამატებით შემოსავალს ეძებდა. თუმცა განსაკუთრებით რთული გახლდათ ეს ამბავი ხანში შესული ქალებისთვის, რომელთა უმეტესობას არც დიპლომი ჰქონდა და არც სამუშაო გამოცდილება. სწორედ მათ მხარდასაჭერად შექმნა OK Obaachan-მა Ok granny-ის კამპანია და ადამიანებს შესაძლებლობა მისცა, ბებიები, საათობრივი ანაზღაურების სანაცვლოდ, „ექირავებინათ“.
OK Obaachan Client Partners-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ყველა ასაკისა და უნარების მქონე ქალებისთვის სამუშაო შესაძლებლობებს ეძებს და საკუთარ თავს „მხოლოდ ქალებისთვის განკუთვნილ კომპანიად“ მიიჩნევს. OK Obaachan-ის განყოფილება 60-დან 94 წლამდე ასაკის დაახლოებით 100 ქალბატონისგან შედგება. პროგრამაში ჩასართავად კი ქალებს მხოლოდ ის სიბრძნე სჭირდებათ, რაც ცხოვრების მანძილზე დააგროვეს.
„ბევრი ადამიანია, რომელთაც, ასაკის მატებასთან ერთად, საზოგადოებაში საკუთარი წვლილის შეტანა სურს, მათი გამოცდილება და შესაძლებლობები კი ძალიან სასარგებლოა“.
მრავალი საკითხიც არსებობს, რომელთა გამოც ადამიანებს ბებიების დაქირავება სურთ. ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს შორისაა საოჯახო საქმეების სწავლა, ბავშვის მოვლა ან უბრალოდ ადამიანის ყოლა, რომელიც მათ მოუსმენს. ბევრი მათგანი ბებიებს რჩევებისთვისაც მიმართავს, როცა გულნატკენები არიან ან ნათესავებთან პრობლემები აქვთ. რაღაცების ხელით დასაწერადაც მიმართავენ მას, სახლში გემრიელი კერძების მოსამზადებლადაც და ტანსაცმლის ქსოვისა თუ კერვისათვისაც.
ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, იაპონელ ბებიებს სხვა რაღაცების კეთებაც შეუძლიათ, ზუსტ ჩამონათვალს კი OK Obaachan მომხმარებლებს საიტზე სთავაზობს. აქ შეხვდებით ოჯახური დავების განეიტრალებას, შეყვარებულთან დაშორებაში დახმარებას, ახალბედა დედისთვის ბავშვის აღზრდის სწავლებას და გეი მამაკაცების მხარდაჭერას, რათა ოჯახს ორიენტაციის შესახებ გაუმხილონ.
ბებიების მომსახურება საათში 22.48 დოლარია, ტრანსპორტირების საფასურიც დამკვეთმა უნდა დაფაროს, თუმცა ლოკაციას, დროსა და საქმესაც გააჩნია. კომპანია ამბობს, რომ ფასსზე დალაპარაკება შესაძლებელია, თუმცა საათობრივი ანაზღაურება მნიშვნელოვნად არ შემცირდება ასაკის გამო, რადგან აქ პატივს სწორედ ბებიების გამოცდილებასა და უნარებს მიაგებენ.
თუმცა არ გეგონოთ, რომ OK Obaachan დასაქმების მსურველ ყველა ბებიას იღებს, მათაც აქვთ გარკვეული კრიტერიუმები — ბებია კეთილი, შრომისმოყვარე, მზრუნველი და ერთგული უნდა იყოს, თანამედროვედაც უნდა აზროვნებდეს, რათა მომხმარებელთა პრობლემები მარტივად მოაგვარონ.
„შესაძლოა, უმცროსი კოლეგების მსგავსი ფიზიკური ძალა და სისწრაფე არ ჰქონდეთ, მაგრამ ბებიების საოჯახო საქმეებისა და ბავშვების აღზრდის უნარები, რომლებიც დიასახლისობისას დახვეწეს, მათი საკომუნიკაციო უნარები, რომლებიც მეზობლებთან და ნათესავებთან ურთიერთობით გააუმჯობესეს, მათი მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც ბევრ გადატანილ კარგ და ცუდ ამბავს უკავშირდება და მათი მეგობრული, თბილი განწყობა შეუცვლელი ძლიერი მხარეებია“.
