პოლიტიკოსი, საქართველოს 4 მოწვევის (1992, 1995, 1999, 2016) პარლამენტის წევრი, ადა მარშანია მიიჩნევს, რომ 4-დან 7 წლამდე პატიმრობა, რაც მზია ამაღლობელს ემუქრება, თანაზომიერი სასჯელი არაა.
როგორც ადა მარშანიამ ნეტგაზეთს უთხრა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თავს მყარად არ გრძნობს, ამიტომ მზია ამაღლობელს სამაგალითოდ სჯის.
„თვითონ ფაქტი არის ძალიან მძიმე და არასასიამოვნო. რა თქმა უნდა, რეზონანსულია გასაგები მიზეზების გამო. თუ ადრე გამიკვირდებოდა ეს ყველაფერი, ახლა უკვეა არ მიკვირს „ოცნების“ ხელში. ყოველდღიურად ძალიან ცუდად იქცევა დღევანდელი ხელისუფლება.
მე არ მიმაჩნია, რომ ეს არის თანაზომიერი სასჯელი. აქ იმაშია სპეციფიკა, რომ ხელისუფლების წარმომადგენელს, რომელიც იყო უნიფორმაში, სილა გააწნა. ეს სიმბოლურად აღქმულია, რომ ხელისუფლებას გააწნა სილა და ამიტომაც არის ასეთი მიდგომა, ასეთი სისასტიკე და სიმკაცრე. რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ თავის თავი და პრესტიჟი უნდა დაიცვას, მაგრამ უამრავი საშუალება აქვს, რომ სახე შეინარჩუნოს და არ ჩაუღრმავდეს ამ ფაქტს.
ქალბატონი იყო ემოციებში და გასაგებია მისი მდგომარეობა, მე მაგალითად მესმის. რა თქმა უნდა, მას სამაგალითოდ სჯიან და აღიქვეს ისე, როგორც მათ მიმართ გაწნული სილა. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან ცუდად გრძნობს ხელისუფლება თავს და ამიტომ ჩაუღრმავდა ამ ფაქტს. ე.ი. არ გრძნობს თავს მყარად და ავტორიტეტიანად.
ადამიანი როდესაც დარწმუნებულია თავის თავში, კარგ საქმეებს აკეთებს და პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში, ის ბევრ ვინმეს ბევრ რამეს პატიობს, რადგან მისი მდგომარეობა მყარი და გამართულია. როდესაც ასეთი მდგომარეობა არ აქვს ხელისუფლებას, ის ასე ჩაიციკლება. ამიტომ ხდება ეს ყველაფერი“, – განაცხადა ადა მარშანიამ.
ადა მარშანიას თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ სასამართლო მზია ამაღლობელს სასჯელის გარეშე დატოვებს.
„სამწუხაროდ თუ საუბედუროდ, არ მაქვს იმედი, რომ [მზია ამაღლობელს პატიმრობას არ მიუსჯიან]. ეს არის ცუდი არამხოლოდ კონკრეტულად ამ ფაქტის გამო და ქალბატონი მზიას გამო, საერთოდ საზოგადოებისთვის ცუდი ფაქტი იქნება, რომ ხელისუფლება ასეთ მდგომარეობაშია და ასე არის განწყობილი“, – განაცხადა ადა მარშანიამ.
მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო. ავტორიტეტული უფლებადამცველების შეფასებით კი, სილის გაწვნა, რასაც არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.
სილის გაწვნა რომ თავდასხმა არ არის, ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.
მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ], პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის [IPI] და რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს [RSF] წარმომადგენლები 13 ივლისს რუსთავში, ქალთა კოლონიასთან მივიდნენ და ასე გამოხატეს სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ. ისინი ბათუმის სასამართლოში 14 ივლისს პროცესსაც დაესწრნენ.
მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ, ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
ამავე რეზოლუციით, ევროპარლამენტი „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი [მზია ამაღლობელის] მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო სამედიცინო მომსახურების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობისკენ“.
მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო ასევე სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს დასრულდება.
