სლოვაკეთი აღარ დაადებს ვეტოს უკრაინაში ომის გამო ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-18 პაკეტის მიღებას. ამის შესახებ 17 ივლისს ღამით, ფეისბუკით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ.
მისი ინფორმაციით, სლოვაკეთმა სანქციების ახალი პაკეტი ექვსჯერ დაბლოკა, პოზიციის შეცვლა კი განაპირობა ევროკომისიისგან მიღებულმა წერილობითმა გარანტიებმა, რომლებსაც ხელს პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი აწერს და ეხება გაზის შესაძლო დეფიციტს და ფასს, ტრანსპორტირების ხარჯებს და შესაძლო მაღალი ფასითა და დეფიციტით გამოწვეულ კრიზისულ სიტუაციებს.
როგორც ფიცომ განაცხადა, სანქციების ახალი პაკეტის ბლოკირების გაგრძელება კონტრპროდუქტიული იქნება და სლოვაკეთის ინტერესებს დააზიანებს.
ამასთან, როგორც სლოვაკური გამოცემა TASR-ი წერს, ფიცომ განაცხადა, რომ არასდროს დაუჭერს მხარს ევროკავშირში რუსული გაზის იმპორტის სრულად აკრძალვას, რომელიც გათვალისწინებულია გეგმით RePowerEU, რადგან ეს დააზიანებს ევროკავშირის, განსაკუთრებით სლოვაკეთის კონკურენტუნარიანობას. ევროკავშირის ქვეყნებს შეუძლიათ ამ გეგმას ხმა წინააღმდეგ მისცენ, თუმცა ვეტოს უფლება არ აქვთ.
ფიცოს განცხადებით, სანქციების მე-18 პაკეტზე სლოვაკეთის ბლოკადის მოხსნის შემდეგ დაიწყება რუსული გაზისთვის ბრძოლის მეორე ფაზა, სლოვაკეთს უკვე აქვს თავისი ინტერესების დაცვის გეგმა და შექმნილია სპეციალური შტაბი ევროკომისიისგან მიღებული გარანტიების რეალიზაციისა და კონტროლისთვის. ფიცომ ევროკავშირი გააფრთხილა, რომ თუ შედეგი არ იქნება, სლოვაკეთის თანხმობა დასჭირდება სანქციების მომდევნო მე-19 პაკეტზეც, რომელზეც ევროკომისია უკვე მუშაობს.
ფორუმი
