სტუდენტებისთვის საუკეთესო ქალაქად სეული დასახელდა – QS-ის რეიტინგი

ანალიტიკურმა სააგენტო Quacquarelli Symonds-მა (QS) გამოაქვეყნა სტუდენტებისთვის მსოფლიოში 150 საუკეთესო ქალაქის ყოველწლიური რეიტინგი. ტოპ 20-ში ადგილების ნახევარი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქალაქებს ხვდა წილად, რაც, ანალიტიკოსების აზრით, რეგიონში გლობალურ განათლებაზე გავლენის ზრდაზე მიუთითებს.
QS-ის საუკეთესო სტუდენტური ქალაქების რეიტინგში მოსახვედრად, ქალაქმა უნდა დააკმაყოფილოს მინიმალური მოთხოვნები – მინიმუმ 250 000 მოსახლე და მინიმუმ ორი უნივერსიტეტის არსებობა. სია შედგენილია ისეთი პარამეტრების გათვალისწინებით, როგორიცაა უსაფრთხოება, ურბანული გარემოს ხარისხი, სტუდენტებისთვის მიმზიდველობა, ცხოვრებისა და სწავლის ხელმისაწვდომობა, ასევე დასაქმების შესაძლებლობები დამთავრების შემდეგ.
რეიტინგის სათავეში სეული აღმოჩნდა მაქსიმალური 100 ქულით. სამხრეთ კორეის დედაქალაქმა რეიტინგში გაიუმჯობესა თავისი პოზიცია სტუდენტებისთვის მაღალი ხელმისაწვდომობის წყალობით. სეულმა ძლიერი შედეგები აჩვენა ყველა ძირითად კრიტერიუმში, მათ შორის უსაფრთხოებაში, ურბანული გარემოს ხარისხსა და სტუდენტების კმაყოფილებაში.
სტუდენტური ქალაქების რეიტინგში მეორე ადგილზე ტოკიოა, მესამეზე კი ლონდონი. რეიტინგის ტოპ 5-ში ასევე მოხვდა მიუნხენი და მელბურნი.