„„ვიზეარის“ გასვლა აბუ-დაბის მიმართულებიდან დიდი ზიანი იქნება სექტორისთვის“ – საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის დირექტორი

„ნაწილი მათგანი სავარაუდოდ, გაკოტრდება,“ – ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის დირექტორმა ლაშა ბერეკაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ აბუ-დაბის მიმართულებით „ვიზეარის“ ფრენების გაუქმება ბევრ პრობლემას შექმნის.
შეგახსენებთ, ავიაკომპანია Wizz Air-მა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 1-ლი სექტემბრიდან Wizz Air Abu Dhabi არსებობას წყვეტს, შესაბამისად, აბუ დაბის მიმართულებით და აბუ დაბიდან ფრენები აღარ შესრულდება.
ცხადია, აღნიშნული სიახლე ეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსაც, საიდანაც არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში ფრენები 6 წლის განმავლობაში სრულდებოდა.
„ვიზეარის“ გასვლა აბუ-დაბის მიმართულებიდან დიდი ზიანი იქნება სექტორისთვის. წელიწადში ემირატებიდან 100-დან 300 ათასამდე ტურისტი შემოდიოდა, რომელიც ავსებდა საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიას, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც ყველაზე დაბალი აქტივობაა ამ კუთხით, ეს მიმართულება ერთ-ერთი შემავსებელი იყო.
მეორე ნაწილი არის მცირე სააგენტოებისთვის, გამყვანი ტურიზმით დაკავებული ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის დაკარგვა, რადგან დაბალბიუჯეტიანი მომსახურება აღარ იქნება. ნაწილი მათგანი, სავარუდოდ, გაკოტრდება“ – განაცხადა ბერეკაშვილმა.
მისი თქმით, რეისის შეწყვეტა ქუთაისისთვის ლოჯისტიკური ჰაბის ფუნქციის დაკარგვასაც გამოიწვევს.
„ემირატების მიმართულება ქუთაისისთვის ლოჯისტიკური ჰაბის ფუნქციის შემძენი იყო – ემირატებიდან ჩამოსული ტურისტები ქუთაისის მეშვეობით უკავშირდებოდნენ ევროპას, ჩრდილოეთს, აღმოსავლეთს და პირიქით. ქუთაისი-აბუ-დაბის რეისის გაუქმება აბრეშუმის გზის გაუქმების ტოლფასია,“ – აღნიშნა მან.
ლაშა ბერეკაშვილი იმედოვნებს, რომ რეისები ქუთაისიდან აღდგება.
„უნდა მოხდეს ჩანაცვლება რომელიმე სხვა, თუნდაც საქართველოს ავიაკომპანიით და აღდგეს ქუთაისი-აბუ-დაბის მიმართულება და ამაში თავისი წვლილი სახელმწიფომაც უნდა ითამაშოს,“ – აღნიშნა მან.