ფონ დერ ლაიენი ევროკავშირს ბიუჯეტის €2 ტრილიონამდე გაზრდას სთავაზობს

ფონ დერ ლაიენი ევროკავშირს ბიუჯეტის €2 ტრილიონამდე გაზრდას სთავაზობს
ევროკომისიის პრეზიდენტი ევროკავშირს 2028-2034 წლებისთვის €2-ტრილიონიანი ბიუჯეტის მიღებას სთავაზობს. ფონ დერ ლაიენის შეთავაზებაში აქცენტი ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობასა და თავდაცვაზე კეთდება, სოფლის მეურნეობისა და რეგიონული განვითარებისთვის გამოყოფილი ხარჯები კი გადაიხედება.
„ეს არის ბიუჯეტი, რომელიც შეესაბამება ევროპის ამბიციას, უპირისპირდება გამოწვევებს და აძლიერებს ჩვენს დამოუკიდებლობას”, – განუცხადა ჟურნალისტებს ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ევროკომისიის შეთავაზება ევროპული ქვეყნებისთვის მთლიანი ეროვნული შემოსავლის 1.26%-ის გამოყოფას ითვალისწინებს. შედარებისათვის, მიმდინარე შვიდწლიანი ბიუჯეტი წევრი ქვეყნების მთლიანი ეროვნული შემოსავლის 1.13%-ისგან შედგება.
მიუხედავად იმისა, რომ დაფინანსების ძირითადი ნაწილი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ბიუჯეტისგან შედგება, ევროკომისია წევრებს დამატებითი სახსრების მობილიზების სხვა გზებსაც სთავაზობს. ერთ-ერთი ასეთი შეთავაზება ახალი კორპორაციული გადასახადის შემოღებაა იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ევროპაში საქმიანობენ და მათი წლიური შემოსავალი 100 მილიონ ევროს აჭარბებს.
ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული შეთავაზება მრავალწლიანი მოლაპარაკებების საწყის წერტილს წარმოადგენს, ვიდრე საბოლოო ბიუჯეტს ყველა წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერა ექნება და მას ევროპარლამენტი უყრის კენჭს.
ურსულა ფონ დერ ლაიენის 2027-2034 წლების საბიუჯეტო შეთავაზება რამდენიმე მიმართულებას ფარავს. მისი ინიციატივით, უნდა შეიქმნას 451 მილიარდი ევროს მოცულობის კონკურენტუნარიანობის ევროპული ფონდი, რომელიც ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერებაზე, ინოვაციების ხელშეწყობასა და ბლოკის მასშტაბით ინდუსტრიის სუფთა ტექნოლოგიებზე გადასავლაზე იქნება ორიენტირებული. გარდა ამისა, დაახლოებით ხუთჯერ იზრდება არსებული თავდაცვის ხარჯები და მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტი თავდაცვისა და კოსმოსური საქმიანობისთვის 131 მილიარდ ევროს გამოყოფს. საინტერესოა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის შეთავაზება საბიუჯეტო სტრუქტურის მიღმა უკრაინისათვის 100 მილიარდი ევროს გამოყოფასაც ითვალისწინებს.
წყარო:forbes.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ომის საფრთხე არსად წასულა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელთა მხრიდან იმდენად მძაფრია ომის რიტორიკა, რომ საომარ დაპირისპირებას არათუ დასასრული არ უჩანს, ყველაფერი კეთდება გახანგრძლივებისათვის – ირაკლი კობახიძე

აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციას არაფერი გაუკეთებია, რათა გამოესწორებინა წინამორბედის შეცდომები, უპასუხოდ რჩება ჩვენი დაფიქსირებული სურვილი, რომ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ -ირაკლი კობახიძე