სანქტ-პეტერბურგის ფორუმზე დაარსებულ BRICS-ის სახელმწიფოთაშორის ეკონომიკურ გაერთიანებას 1 იანვარს ოფიციალურად შეუერთდა ხუთი სახელმწიფო: ეგვიპტე, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ეთიოპია. ბლოკში გასაწევრიანებლად ისინი 2023 წლის ზაფხულში მიიწვიეს.
მაშინ მოწვევა მიიღო ექვსმა სახელმწიფომ: მათ გარდა, ვინც მას შეუერთდა, ეს იყო არგენტინა. თუმცა, დეკემბრის ბოლოს, ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ ოფიციალურად შეატყობინა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს, რომ ბუენოს-აირესი უარს ამბობდა წევრობაზე.
BRICS-ის გაფართოების შემდეგ ორგანიზაცია აერთიანებს ქვეყნებს, რომლებზეც მოდის მსოფლიო მშპ-ს მესამედზე მეტი და მოსახლეობის 45 პროცენტი. წევრები ფლობენ მსოფლიო ნავთობის მარაგების თითქმის 45 პროცენტს. ამ ქვეყნების უმეტესობა ოფიციალურად ინარჩუნებს ნეიტრალურ პოზიციას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში და მხარს არ უჭერს დასავლეთის ქვეყნების მცდელობებს, მოსკოვი საერთაშორისო ასპარეზზე იზოლაციაში მოაქციოს. იანვრიდან ორგანიზაციას მოსკოვი თავმჯდომარეობს.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბლოკში რეალური ეკონომიკური ურთიერთქმედება და მისი ეფექტიანობა ამჟამად დაბალია. გარდა ამისა, BRICS-ის შექმნისას მის თავდაპირველ წევრებს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები ჰქონდათ, ახლა კი საერთო ზრდა მნიშვნელოვნად შემცირდა.
აქამდე ბრიკსში შედიოდნენ რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია და სამხრეთი აფრიკა.
დაწერეთ კომენტარი