რადიკალურ ოპოზიციას არაფერი შველის, პირიქით, თვითონ „დიფ სთეითმა” რადიკალური ოპოზიცია გახლეჩამდე მიიყვანა – თქვენ ხედავთ, რომ ორი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, ხოლო ორი პარტია არ აპირებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თვიმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია „ნებისმიერი კონფიგურაციით ტოტალური მარცხისთვის არის განწირული”.
„ოპოზიციაში ტრაგიკული მდგომარეობაა. თქვენ ხედავთ, რომ არაფერი შველით, არც ევროპული ბიუროკრატიიდან გამომდინარე შანტაჟი, არაფერმა უშველათ. ოთხი წელია ევროპული ბიუროკრატიიდან და „დიფ სთეითის” მხრიდან შანტაჟი გრძელდება. არაფერი რადიკალურ ოპოზიციას არ შველის. რატომ ? – იმიტომ, რომ საზოგადოებამ ყველაფერი ძალიან კარგად დაინახა, საზოგადოება ხედავს, რა მიზნებით მოქმედებს კონკრეტულ შემთხვევებში ევროპული ბიუროკრატია, როგორია შინაარსი იმ რადიკალური ოპოზიციის, რომელიც სახელმწიფო, ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდება.
აქედან გამომდინარე, რადიკალურ ოპოზიციას არაფერი შველის, პირიქით, თვითონ „დიფ სთეითმა“ რადიკალური ოპოზიცია სულ გახლეჩამდე მიიყვანა. თქვენ ხედავთ, რომ ორი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, ხოლო ორი პარტია არ აპირებს. ასეც და ისეც, ბუნებრივია, ნებისმიერი კონფიგურაციით მთელი ეს რადიკალური ოპოზიცია ტოტალური მარცხისთვის არის განწირული”, – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება იმას, თვითმმართველობის არჩევნებში „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო – ძლიერი საქართველოს“ მიერ გარკვეული მანდატების მოპოვების შემთხვევაშიც დარჩება თუ არა ძალაში „ქართული ოცნების“ პირობა პარტიების აკრძალვაზე, კობახიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხივე პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების თაობაზე მიმართავს.
„პირველ რიგში, ჩვენ პარტიებს ვერ გავაუქმებთ. პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება ერთადერთმა ორგანომ მიიღოს, ეს არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. ჩვენ რა თქმა უნდა, მივმართავთ ოთხივე პარტიასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ოთხივე პარტია არის ერთი პოლიტიკური ძალა. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ეს არის უცხოური აგენტურა, რომელიც უკვე ამდენი წელია კოლექტიურად, 2003 წლიდან მოყოლებული საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ებრძვის.
[თვითმმართველობის არჩევნებში „გახარია საქართველოსთვის” და „ლელო – ძლიერი საქართველოს“ მონაწილეობა] არაფერს არ ცვლის იმიტომ, რომ ისინიც არიან ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის შემადგენელი ნაწილი”, – აღნიშნა კობახიძემ.
