ტელეკომპანია “რუსთავი 2-ს” ახალი დირექტორი ჰყავს. “მედია ჰოლდინგის” ახალ ხელმძღვანელად რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე დაინიშნა. ამ ინფორმაციას თავად რ2 ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ის თანამშრომლებს არხის ყოფილმა დირექტორმა, ვაკო ავალიანმა წარუდგინა, რომელიც საქმიანობას დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს.
ჯერ უცნობია რა თანამდებობაზე ინიშნება ვაკო ავალიანი. მან ნეტგაზეთის ზარებს არ უპასუხა.
ვაკო ავალიანი მანამდე “მაესტროს” აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ის რ2-ში 2021 წელს დაინიშნა. ვაკო ავალიანმა “მაესტროდან” წასვლის მიზეზად არხზე გია გაჩეჩილაძის (“უცნობი”) დაბრუნება დაასახელა. “ვტოვებ მაესტროს, სადაც კარგი მეგობრები და საქმის ერთგული მაგარი ადამიანები შევიძინე. არხზე ბრუნდება გია გაჩეჩილაძე რამდენიმე პროექტით. არხის ახალი პრიორიტეტები ჩემთვის მიუღებელია!” — დაწერა მან 2021 წელს Facebook-ზე.
რაც შეეხება ბაკურაძეს, ის იყო სხვადასხვა კულტურული და პოლიტიკური ღონისძიების რეჟისორი, მათ შორის აორგანიზებდა “ქართული ოცნების” პარტიულ შეკრებებს. ასევე აკეთებდა გადაცემა “ავტოგრაფს” ტელეკომპანია “იმედზე”.




