ისტორიკოსი, პროფესორი ბექა კობახიძე:
სანამ ჩვენ “ორ ფეხზე ვდგავართ” და “სუვერენიტეტს” ვიცავთ, რა ხდება სამეზობლოში:
1. აქამომდე სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის შუამავლობით ესაუბრებოდნენ ხოლმე ერთმანეთს და ამიტომ არ ჩამოდიოდნენ მათთვის ისტორიულ ადგილზე სასაუბროდ – თბილისში.
ახლა სომხეთსა და აზერბაიჯანს აღარ სჭირდებათ რუსეთის შუამავლობა, ორივე ცდილობს რუსეთის ჩახსნას სამხრეთ კავკასიიდან და მოსალაპარაკებლად ეძებდნენ ისეთ ადგილს, სადაც გარე აქტორები არ იქნებოდნენ წარმოდგენილნი.
მაშ რატომ არ გამართეს ასეთი შეხვედრა თბილისში? აგერ, ყურის ძირში, სადაც 1918-1920 წლებში ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს და თავიანთი დამოუკიდებლობებიც აქ გამოაცხადეს.
იმიტომ რომ ქართული ოცნების საქართველო არ უმასპინძლებს მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრას, რომელიც ორიენტირებულია სამხრეთ კავკასიიდან რუსეთის ჩახსნაზე.
შესაბამისად, ეს შეხვედრა შედგა ემირატებში.
საქართველოს არ აქვს სუვერენიტეტი საგარეო პოლიტიკაში, ის რუსეთის ქვემდებარეა და მან დაკარგა თავისი ისტორიული როლი ყოფილიყო რეგიონის ცენტრი, მოლაპარაკებისა და დიპლომატიის ადგილი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის;
2. სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ შარაა ვიზიტით ეწვია აზერბაიჯანს. შარაა არის ანტირუსული განწყობის პოლიტიკოსი. მისმა წინამორბედმა, რუსეთის მარიონეტმა პრეზიდენტმა ასადმა აღიარა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა. შარაასთან მცირე წამუშავება სჭირდება საქართველოს, რათა სირიამ ეს აღიარება უკან წაიღოს. შესაბამისი მუშაობის შემთხვევაში, აზერბაიჯანის შემდეგ შარაა ჩამოვიდოდა თბილისში და აქ განაცხადებდა, რომ სირიას უკან მიაქვს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება. უფრო უარეს შემთხვევაში, საქართველოს პრემიერ მინისტრს შეეძლო ბაქოში ჩასულიყო და იქ გაემართა შეხვედრა შარაასთან.
რატომ არ მოხდა ეს ასე?
პასუხი იგივეა, რაც პირველ შემთხვევაში: რუსეთი არ იძლევა ანტირუსულ სირიასთან კომუნიკაციის დამყარებისა და აღიარების გაუქმების უფლებას.
საქართველოს დესუვერენიზაცია შემდგარი ფაქტია.
მეორე მხრივ, შარაას ბაქოში ვიზიტისას ალიევმა მედიაცია გასწია ისრაელსა და სირიას შორის მოლაპარაკებათა პროცესში. ამ მხრივ აზერბაიჯანი უნიკალურ პოზიციაშია: ის არის ერთადერთი, ვისაც ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს ერთდროულად სირიასთან, ისრაელთან და თურქეთთან. ისრაელსა და სირიას შორის მედიაციით ალიევი ცდილობს არამხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ ახლო აღმოსავლეთშიც გამოაცალოს დასაყრდენი რუსეთს.
ამ პოლიტიკით აზერბაიჯანი არამხოლოდ რუსეთს აბრაზებს, არამედ კიდევ ერთ დიდ მეზობელს – ირანს, რადგან შარაას ხელისუფლება ანტიირანულიც არის.
დიქტატურა, კორუფცია და ყველაფერი, მაგრამ სუვერენიტეტი არის ეს, რასაც ალიევი აკეთებს, ხოლო ქართული ოცნება არის რუსულ კოლონიალიზმში საქართველოს დაბრუნება.
ახლა გაისმება ტრადიციული არგუმენტი – აზერბაიჯანს თურქეთი ყავს და ამიტომ ბედავს ამდენსო. ჯერესერთი თურქეთის გეოპოლიტიკური გამოყენება ჩვენც შეგვეძლო, მაგრამ არ გვიცდია. თუმცა ეს მეორადი ფაქტორია. რა არის მთავარი: 2012 წლიდან დღემდე საქართველოს ეკონომიკა სისხლხორცეულად მიება რუსეთს (ღვინო, ტურიზმი, უძრავი ქონების ბაზარი და ა.შ.); აზერბაიჯანი თავდაცვაზე ხარჯავს მშპ-ს თითქმის 6%-ს, ხოლო ჩვენ 1.7%-ს, ამიტომ აზერბაიჯანი რთულად მოსანელებელი ლუკმაა, ჩვენგან განსხვავებით; ბოლო 13 წლის მანძილზე საქართველოში არ დაუკავებიათ არც ერთი რუსი ჯაშუში, განსხვავებით აზერბაიჯანისგან, რომელმაც ბოლო თვეებში გაწმინდა ქვეყანა აგენტურისგან, ხოლო 2020 წლიდან მოყოლებული საზღვარი აქვს ჩაკეტილი რუსეთთან.
შესაბამისად, აზერბაიჯანზე რუსეთის გავლენა ძალიან მცირეა და მას შეუძლია სუვერენული საგარეო პოლიტიკის წარმოებაც, უკრაინაში რუსეთის გაჭირვების გამოყენებაც და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაც.
რადგან საქართველოს ეკონომიკა სრულად მიება რუსეთს, რადგან თავდაცვაზე არაფერი დაგვიხარჯავს, რადგან რუსული ინფილტრაცია საქართველოში ძალიან მაღალია, ქართულ ოცნებას არათუ არაფერი იმის გაკეთება არ შეუძლია რაც ალიევმა გააკეთა, არამედ ვერ ბედავს და ვერც გაბედავს სირიას აფხაზეთის აღიარების უკან წაღება სთხოვოს. რუსეთის გარეშე ორ უახლოეს მეზობელთან საუბარსაც ვერ ბედავს.
მე საერთოდ არ ვემხრობი ანტირუსულ ისტერიას და არც ის მგონია, რომ ევროკავშირი არის უსაფრთხოების ყველა გამოწვევაზე პასუხი. ამ რეგიონში სიფრთხილე და ბალანსია საჭირო, მაგრამ რა საჭიროა ბალანსის ნაცვლად რუსეთზე ასეთი მონური და უპირობო მიბმა? რას გვაძლევს სანაცვლოდ რუსეთი? აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით ოდნავ მაინც შეცვალა პოლიტიკა? არა.
მაშ რას ვიგებთ? ჩვენ არაფერს, მაგრამ იგებს ქართული ოცნება – ისეთ პატარა და ურესურსო სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა, ხელისუფლებას უსასრულოდ ვერ შეინარჩუნებ თუ დიდი ავტორიტარი მეზობლის დახმარებით დიქტატურა არ დაამყარე. როგორც ლუკაშენკო ვერ იარსებებს რუსეთის მფარველობის გარეშე, ისე ქართული ოცნება ვერ იქნება რუსეთის გარეშე. დიახ, ყველაფერი ეწირება იმას, რომ ივანიშვილი სიცოცხლის ბოლომდე იყოს ხელისუფლებაში, ხოლო მისი კლეპტოკრატიული კლანი გამდიდრდეს.
საქართველო და მისი სუვერენიტეტი ამას ეწირება.