კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილი გლდანის ციხიდან კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით გადაიყვანეს.
როგორც ზურაბ ჩხაიძე ნეტგაზეთთან ამბობს, ბაჩიაშვილი „ვივამედში“ პარასკევს, 11 ივლისს შეიყვანეს და გლდანის ციხეში რამდენიმე საათში დააბრუნეს.
„პარასკევს მოიყვანეს ჩვენთან კლინიკაში. იყო სხეულის დაზიანებები სხვადასხვა ადგილზე. სხვადასხვა არეში ჭრილობები, ღია ჭრილობები თავის არეში.
გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, კონსულტირებული იქნა ექიმი ნევროლოგის მიერ და მისივე რეკომენდაციით, პაციენტი დაბრუნებული იქნა პენიტენციურ დაწესებულებაში პენიტენციური დაწესებულების ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. კლინიკაში შემოსვლიდან რამდენიმე საათში დაბრუნდა პენიტენციურ დაწესებულებაში“, – აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.
გიორგი ბაჩიაშვილი გლდანის ციხეში სამარტოო საკანში იმყოფებოდა. ბაჩიაშვილის ადვოკატი, დავით ჯანდიერი ნეტგაზეთს უდასტურებს, რომ ის ნაცემია.
რაც შეეხება პენიტენციურ სამსახურს, უწყება ნეტგაზეთის არც ზარებსა და არც შეტყობინებებს არ პასუხობს.
ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, ბიზნესმენი გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც მარტში გაიქცა ქვეყნიდან, 26 მაისს დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 26 მაისს ანონიმურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბაჩიაშვილი წითელ ხიდსა და სადახლოს შორის, ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთზე გადაადგილდებოდა. თავად ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ სხვა ქვეყანაში დააკავეს და საქართველოში „აირზენას“ თვითმფრინავით ჩამოიყვანეს. „გარდიანის“ ინფორმაციით, იგი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დააკავეს.
ბაჩიაშვილმა საქართველო მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში დატოვა. იმ პერიოდში ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ორი სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. ორივე შემთხვევაში მას “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი უჩიოდა. ორივე საქმეზე ბაჩიაშვილი გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული.
ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა, ამჯერად – საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ. პატიმრობა შეუფარდეს იმ ადამიანსაც, ვინც მას საქართველო-სომხეთის საზღვრის გადაკვეთაში დაეხმარა.
ძებნილობის პერიოდში გადაწყვეტილება გამოცხადდა ბაჩიაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე ერთ-ერთ საქმეზე – მას 11 წლით პატიმრობა განესაზღვრა. ამის შემდეგ, იმავე, ე.წ. ბიტკოინების საქმის ირგვლივ ივანიშვილმა მის წინააღმდეგ სამოქალაქო დავა დაიწყო. ეს საქმე საქალაქო სასამართლომ დაჩქარებული წესით განიხილა და ბაჩიაშვილს ივანიშვილისთვის 9 000 ბიტკოინის ღირებულების თანხის გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილების მიღებისას ეს თანხა დაახლოებით 850 მილიონ დოლარს შეადგენდა.
