დავით ქაცარავას ინფორმაციით, ოკუპანტებმა სოფელ დირბთან მუშაობა განაახლეს

რუსეთის არმიის წარმომადგენლებმა ქარელის რაიონ, სოფელ დირბის მიმდებარედ მუშაობა განაახლეს. კადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა.
კადრებში ჩანს, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, როგორ გადაადგილდებიან შეიარაღებული რუსი ფორმიანები.
მომხდარზე პასუხისმგებლობას ქაცარავა “ოცნებას“ აკისრებს და ამბობს, რომ „მათ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა ბედის ანაბარა ჰყავთ დატოვებული.“
“ჩვენმა ჯგუფმა დააფიქსირა ოკუპანტების აქტივობა, სოფელ დირბთან. ისინი გამოჩნდნენ და დაიწყეს მუშაობა, შეიძლება ითქვას, რომ მიმდიანრეობს ტერიტორიის მოსუფთავება და მზადება, შემდგომი ბორდერიზაციისთვის. ისინი მუშაობენ ღობის გასწვრივ, მაგრამ, თუ დავაკვირდებით, როგორ მიმდინარეობს აქტივობა რუსების მხრიდან, შესაძლოა, ითქვას, რომ დირბიდან თამარაშენამდე იგეგმება საოკუპაციო ღობის ინსტალაცია. მნიშვნელოვანია, რომ ყოველგვარი რეაქციის და რეაგირების გარეშე რჩება ე.წ. ხელისუფლება, არცერთი პოლიციელი და ხელისუფლების წარმომადგენელი არ გამოჩენილა მიმდებარე ტერიტორიაზე, ისევე, როგორც ღოღეთის მიმდებარედ, შეღობვის პერიოდში არავინ მისულა”, – ამბობს დავით ქაცარავა.