საქართველო ენერგეტიკას სათანადოდ ვერ მართავს, ბიუროკრატია სექტორს საინვესტიციო მიმზიდველობას უკარგავს – მელიქიძე

„თუ არ გავაქტიურდებით, ჩამოვყალიბდეთ სატრანზიტო ქვეყნად და ეს ძალიან საწყენი იქნება” – ამის შესახებ „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA-ს) აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ TV36-ის გადაცემაში „თავისუფალი ბიზნესი“ განაცხადა.
მისი მტკიცებით, საქართველო ენერგეტიკას სათანადოდ ვერ მართავს, არის დიდი ბიუროკრატია. მელიქიძის განმარტებით, იმას, რასაც სჭირდება 6 თვე, ჩვენთან სჭირდება 2 წელი. ინვესტორი კი ყველაფერს ფულსა და დროში ითვლის. ამიტომაც, მაია მელიქიძის თქმით, საქართველოს ენერგოსექტორი საინვესტიციო მიმზიდველობას კარგავს.
მისი განმარტებით, საქართველოს სამეზობლომ, ამ მხრივ დიდი ნაბიჯები გადადგა და, რესურსების ნაკლებობის მიუხედავად, ბევრად დაწინაურდნენ. იმ რეალობაში, როცა ევროპა მკაფიოდ ამბობს, არ მიიღებს არაგანახლებადი ენერგიებიდან წარმოებულ ენერგიას, საქართველოს ჰიდრორესურსის მხოლო მეოთხედი, 25%, აქვს ათვისებული, 75% ასათვისებელია.
“მაგალითად, მეზობელმა აზერბაიჯანმა, რომელსაც ჰიდრო არ აქვს, სწორად იგრძნო შავი ზღვის კაბელის პოტენციალი და უზარმაზარი ინვესტიციები ჩადო იგივე მზისა და ქარის სადგურების განვითარებაში. ის კომპანიები, რომლებსაც ჩვენ წლებია ვეკონტაქტებით, მან უკვე შეიყვანა და დაიწყო გენერაცია. აზერბაიჯანს ესმის, რომ ეს პროექტი მას სერიოზულ დოვლათს მოუტანს. აზერბაიჯანს გაზი კი აქვს ბევრი, მაგრამ რაც არ უნდა ბევრი აწარმოოს გაზისგან, ევროპა მას არ მიიღებს, ამ კარს უკეტავს და ამიტომაც კონცეტრირდა ქარსა და მზეზე, ” – თქვა მელიქიძემ.