[VIDEO] Bienvenue. კიდევ ერთი ქართველი ლიგა 1-ში – წიტაიშვილი “მეცის” ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა ლიგა 1-ში დაბრუნებულ „მეცთან“ ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა.
ინფორმაცია კლუბის საიტმა დაადასტურა და აღნიშნა, რომ 24 წლის წიტაიშვილი შემტევი პროფილის უნივერსალია, ეროვნულ გუნდში ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით ასპარეზობამ საერთაშორისო ასპარეზზე გზა გაუხსნა, ევროპის ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა, ახლა თავისი ნიჭით და გამოცდილებით „მეცს“ უნდა გამოადგეს და ამბიციებით მიდის.
„ახალ გუნდში გადმოსვლით ძალიან ბედნიერი ვარ. ქართველებს „მეცთან“ კარგი მოგონებები აკავშირებთ. აქ ჩამოსვლამდე გიორგი მიქაუტაძეს ვესაუბრე. მან კლუბი ყოველმხრივ დადებითად დამიხასიათა. ამიტომ გადაწყვეტილება სწრაფად მივიღე. იმედი მაქვს, ჩემი საუკეთესო უნარები წარმოვაჩინო და გუნდს ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებაში დავეხმარო. აქ გამარჯვებებისთვის და არა იმედგაცრუებისთვის მოვედი“, – განუცხადა წიტაიშვილმა კლუბის საიტს.
Let’s Go Metz-ი აღნიშნავს, რომ კლუბმა უკვე დაიმატა „სერენიდან“ 20 წლის ბელგიელი მარცხენა მცველი იანის ლოუსონი, ახლა კი მეორე ტრანსფერი განახორციელა, იჯარა გამოსყიდვას არ ითვალისწინებს, მაგრამ მომავალ წელს გიორგის ს „დინამოსთან“ კონტრაქტი დაუსრულდება და მასთან სრულფასოვანი ხელშეკრულების გაფორმება შეეძლებათ. ამ საკითხში გადამწვყვეტი მნიშვნელობა იმას ექნება, დარჩება თუ არა „მეცი“ საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში.
„ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მიქაუტაძის შემდეგ „მეცის“ გულშემატკივრების გულებს წიტაიშვილი დაიპყრობს“, – წერს გამოცემა.