UK-ის პარლამენტში „ოცნების“ ლიდერების ვირჯინიის კუნძულებზე არსებულ ქონებაზე ისაუბრეს

8 ივლისს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე საქართველოს საკითხზეც ისაუბრეს.
კერძოდ, კომიტეტზე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, დევიდ ლამის ჰკითხეს „ქართული ოცნების“ ლიდერების ქონებაზე, რომელიც მათ, სავარაუდოდ, ვირჯინიის კუნძულებზე აქვთ.
კითხვა საგარეო საქმეთა მინისტრს მმართველი პარტიის, ლეიბორისტების წევრმა ფილ ბრიკელმა დაუსვა.
„საგარეო საქმეთა მინისტრო, თქვენ დიდი ხანია იღვწით იმისთვის, რომ ლონდონი მსოფლიოს ანტიკორუფციული დედაქალაქი გახდეს. მინდა, შეგიქოთ ეს ძალისხმევა.
ამ კონტექსტში მინდა მოკლედ ვისაუბრო საქართველოზე. საქართველოში პრორუსული „ქართული ოცნების“ პარტიის წამყვანმა წევრებმა, სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობისა და ქართველი ხალხის სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვის პარალელურად, სავარაუდოდ, გამოიყენეს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიები თავიანთი სიმდიდრის დასამალად და ფინანსური საიდუმლოებისთვის.
ამავდროულად, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებმა კვლავ ვერ შემოიღეს საჯაროდ ხელმისაწვდომი ბენეფიციარი მფლობელების რეესტრები, რაც მოჰყვა ფულის გათეთრების საწინააღმდეგო სანქციების შესახებ კანონს… თქვენი აზრით, რა გზავნილს უგზავნის ეს მთელ მსოფლიოს?“, – ჰკითხა მინისტრს ფილ ბრიკელმა.
პასუხად დევიდ ლამიმ განაცხადა, რომ ის შეისწავლის აღნიშნულ საკითხს და ვირჯინიის კუნძულებს შესაბამის შუამდგომლობებს წარუდგენს.
„ეს საშინელი გზავნილია. ჩვენ ვაგრძელებთ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებთან ამ საკითხზე მუშაობას. ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილნი და სწორედ ამიტომ, მომავალ წელს ვმასპინძლობ კონფერენციას უკანონო ფინანსების შესახებ…
მე არ ვიცი საქართველოში კორუფციული საქმიანობის შესახებ თქვენს მიერ წამოჭრილი საქმის დეტალები, მაგრამ მე მას ყურადღებით შევისწავლი და ჩვენ ამ შუამდგომლობებს წარვუდგენთ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებს“, – განაცხადა დევიდ ლამმა.
იანვარში გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის 15-მა წევრმა აღმასრულებელ ხელისუფლებას სთვის სანქციების დაწესების მიზნით მიმართა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების დასანქცირების შემთხვევაში, ფინანსურ სანქციებში მოჰყვება ივანიშვილების ოჯახის თითქმის მთელი ბიზნეს იმპერია, რადგან ეს კომპანიები, საბოლოო ჯამში, სწორედ გაერთიანებული სამეფოს ოფშორულ ტერიტორიებზეა რეგისტრირებული (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები და კაიმანის კუნძულები).
ორგანიზაციის ინფორმაციით, სანქციებში მოჰყვება ივანიშვილების ოჯახის 95-ზე მეტი ქართული კომპანია, მათ შორის:
· ქართუ ბანკი
· ფონდი ქართუ
· გალერეა თბილისი
· აქსის თაუერსი
· ჰაიდელბერგ ცემენტი, რომელსაც ის „ქართული ოცნების“ მთავარი პროპაგანდისტული არხის, ტვ იმედის, მფლობელ ირაკლი რუხაძესთან ერთად ფლობს.
· საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი, რომლის მფლობელობაშიცაა ივანიშვილის სასტუმროები: პარაგრაფი თბილისში, შეკვეთილში და აბასთუმანში და სხვები.
· ს თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელსაც ივანიშვილი ვანო ჩხარტიშვილთან ერთად ფლობს.
· რუსული კომპანია შპს აკვა სფეისი, რომელიც ივანიშვილების მოსკოვურ რეზიდენციებს მართავს.
გაერთიანებულ სამეფოს მკაცრი სასანქციო რეჟიმი აქვს. მის მიერ დაწესებული ფინანსური სანქციები აქტივების გაყინვას, ფინანსურ სერვისებზე, რესურსებზე და ბაზრებზე წვდომის შეჩერებას გულისხმობს.
გაერთიანებულ სამეფოში შედის ე.წ. ოფშორული ტერიტორიები: ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები და კაიმანის კუნძულები, სადაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის კომპანიებია დარეგისტრირებული.
გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობით, მის მიერ დაწესებული სანქციები ამ ოფშორულ ტერიტორიებზეც ვრცელდება.
· ბრიტანელი მინისტრი: არ გამოვთქვამთ ვარაუდებს მომავალი სანქციების შესახებ, რადგან ამან შეიძლება შეამციროს მათი ეფექტურობა
· ბრიტანეთის ინიციატივით, საქართველოზე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
· ბოჭორიშვილი გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა