აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო რუსეთის მიერ უკრაინულ ქალაქებზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმების გაძლიერება. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ტემი ბრიუსმა გააკეთა.
„პრეზიდენტმა [დონალდ ტრამპმა] მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან გახშირებული თავდასხმები ამაზრზენია. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმების ესკალაციას და ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ მსხვერპლთა და დაღუპულთა ოჯახების მიმართ“, – აღნიშნა ტემი ბრიუსმა.
ბრიუსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „რუსეთი თავისი საჰაერო თავდასხმების მასშტაბების ახალ რეკორდებს ამყარებს“.
მან დასძინა, რომ ტრამპის მთავარი ინტერესი არის ყოველდღიურად მიმდინარე ადამიანთა სიკვდილისა და ნგრევის შეჩერება.
„ის ყველაფერს გააკეთებს ამ ომის და ნებისმიერი სხვა ომის დასასრულებლად, რომლის დასრულების შანსიც ექნება. ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას. ჩვენ გვესმის, რომ ასეთ საკითხებს დრო და მოთმინება სჭირდება, მაგრამ, ცხადია, ასევე იმედგაცრუებულნი ვართ, რომ მეტი პროგრესი არ არის მიღწეული“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.
