რა შუაშია დანა და საბა ჯიქიას საქმე

„ვითომ ოთხი წელი და 6 თვე?“ – დაწერა საბა ჯიქიამ 17 ივნისს, სასამართლო სხდომაზე, მათე დევიძის განაჩენზე პასუხად. მასაც, დევიძის მსგავსად, პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ. ბრალდებულმა გამოიცნო – მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მას იდენტური სასჯელი გამოუცხადა: 4 წელი და 6 თვე.
„გაიღიმეთ ჩემთან ერთად…“ – თქვა საბა ჯიქიამ სხდომაზე და ღიმილი არ შეუწყვეტია იქამდე, სანამ ბადრაგმა დარბაზიდან არ გაიყვანა და თვალს არ მოეფარა.
მოქალაქეებმა სასამართლოს დერეფანში შეკრება დილის 10:00 საათიდან დაიწყეს. ყველა ცდილობდა წინა რიგის დაკავებას იმედით, რომ 19 წლის სტუდენტის, საბა ჯიქიას სასამართლოზე შესვლას მოახერხებდნენ და მოისმენდნენ გადაწყვეტილებას, რომელსაც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი გამოაცხადებდა.
სხდომა თავდაპირველად, ყველაზე დიდ 150-კაციან დარბაზში უნდა გამართულიყო. თუმცა ბოლო წუთებზე დარბაზი შეიცვალა. ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა თქვა, რომ მიზეზი პირველი დარბაზის ტექნიკური გაუმართაობა გახდა.
„სხდომის ოქმის ჩაწერა ვერ ხერხდება”, – განმარტა მან.
მესამე დარბაზში მანდატურებმა დამსწრეები გადათვალეს და ისე შეიყვანეს.
„ჯერ ოჯახის წევრები”, „ახლა ათი დამსწრე”, „კიდევ ათი”, „სამი ადგილია”, „აღარაა ადგილი, არავინ შემოუშვათ”, – დარბაზი მანდატურების ამ მოკლე წინადადებების ფონზე შეივსო.
მანდატურებთან კამათის შემდეგ ზოგიერთს თავისი გააქვს და ერთ სკამზე დაჯდომის უფლებას ორს აძლევენ.
“სკამების ოდენობით ითვლიან”, – წუხს საბა ჯიქიას დედა.
ბრალდებული ბადრაგებს შემოჰყავთ, რვეული უჭირავს, სადაც საბოლოო სიტყვა აქვს დაწერილი.
სასამართლო სხდომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გახდა ცნობილი, რომ საბა ჯიქიას საქმის პროკურორი თამარ იაკობიძე შვებულებაშია და ის გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დაესწრებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა არც მოსამართლეს.
„ჩემი შემადგენლობა არკვევდა, ვინ მოვიდოდა დღეს სხდომაზე პროკურატურიდან. ეს არის სასამართლოს შეურაცხყოფა. მისი მხრიდან ეს ყველაფერი რას ემსახურება და რას ნიშნავს არ ვიცი. თამარ იაკობიძისგან ეს არის ყოვლად მიუღებელი საქციელი”, – ამბობს მოსამართლე.
გადაწყვეტილების გამოცხადებას თამარ იაკობიძის ნაცვლად დაესწრო პროკურორი როინ ხინთიბიძე. ის ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ სხდომაზე ინფორმაციის მიღებისთანავე გამოცხადდა.
მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, როგორ ისვენებს თამარ იაკობიძე ესპანეთში.
საბა ჯიქიას სიტყვა
19 წლის სტუდენტი ციხიდან მოტანილ რვეულს შლის და კითხვას იწყებს, დარბაზში ისმის ტირილის ხმა:
„მეგობრებო, უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს თანადგომისთვის, გულშემატკივრობისთვის. მოტივაციაა ეს და იმის შეხსენება, რომ მარტო არ ვართ.
მეგობრები, ცოტა მარტივი ნათქვამია, უკვე დიდი ხანია, ერთ ოჯახად ვიქეცით, ერთი მიზნის ირგვლივ. ეს მიზანი კი რუსული რეჟიმის თავიდან მოშორებაა, რისთვისაც შეუპოვრად ვიბრძვით.
ჩვენთვის, ოთხ კედელში გამომწყვდეულებისთვის, რთულია იმის ყურება, თუ როგორ ცდილობენ, იძალადონ თქვენზე ყველანაირი მეთოდით, როგორ ცდილობენ, ჩაახშონ თავისუფალი აზრი.
მაგრამ ვხედავთ იმასაც, როგორ იცავთ ერთმანეთს, ვხედავთ უფრო მეტ თავისუფალ აზრს, რაც გვაძლევს იმედს, რომ რაღაც იქნება…
პროცესებზეც იმიტომ დავდივართ, 5-6 სთ ვიცდით მოსაცდელ საკანში, რომ ვიცით, აქ გველოდებით და ჩვენც გაჩვენოთ, რომ არ შეგვშინებია, არ გავმტყდარვართ.
თუმცა მაინც მაქვს შინაგანი შიში. მე მეშინია დამარცხების, რადგან არ მინდა, მომავალმა თაობებმა ამ მარცხის გამო გაგვკიცხონ.
მე მეშინია დამარცხების, რადგან არ მინდა, რომ ბავშვები უსამართლო ქვეყანასა და დიქტატურაში გაიზარდონ. ამიტომ რითაც შევძლებ, სადამდეც შევძლებ, ვიბრძოლებ ბოლომდე.
19 წლის ბიჭისგან ამის მოსმენა უცნაურია, მაგრამ ეს ასეა, ჩემო მეგობრებო, მე არ დავნებდები.
დიდად არ მახარებს ის ფაქტი, რომ 4-დან 7 წლამდე ციხეში აბსურდული ბრალდებით მიწევს წასვლა და ახალგაზრდუდული წლების ციხეში გატარება, მაგრამ ჩემს დაპატიმრებას თავისი დადებითიც ჰქონდა, დიდი ოჯახი შევძინე, მაგარი ბიჭები გავიცანი, გავიგე თავისუფლების ფასი, რა მდგომარეობაა ქვეყანაში და ყველაზე მაგარი რაცაა, შვილიშვილებისთვის მექნება მაგარი ისტორიები მოსაყოლი, მოყოლა კი არ შემრცხვება, რადგან ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ“, – თქვა საბა ჯიქიამ.
სტუდენტი საბა ჯიქია პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს, მაშინ 18 წლის იყო.
პროკურატურა მას 2024 წლის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციელისთვის ფეხის ჩარტყმას ედავებოდა.
საქმეში დაზარალებულად იყო ცნობილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გდდ-ის თანამშრომელი ბექა გოტიაშვილი, რომელიც ამბობდა, რომ დაზიანება არ მიუღია.
პროკურატურის ვიდეოში მან ამოიცნო საკუთარი თავი, ჰაბიტოსკოპიურმა ექსპერტიზამ კი დაადასტურა, რომ „პირი, რომელიც წიხლს იქნევს საბა ჯიქიაა”.
ამ დასკვნებს დაეყრდნო თამარ მჭედლიშვილი გადაწყვეტილების დასაბუთებისას.
სხდომის დაწყებამდე საბა ჯიქიას ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი ამბობდა, რომ პროკურატურის მთავარი მტკიცებულება – ვიდეო, უკანონოდ იყო მოპოვებული. არ დაუკითხავთ არც ის გამომძიებელი, რომელმაც ვიდეო მოიპოვა და არც ის პირი, ვინც ეს ვიდეო ექსპერტიზაზე გაგზავნა:
“შესაბამისად, ვიდეოს წარმომავლობა სასამართლოსთვის დაუდგენელია და თუ ამ ვიდეოზე დაყრდნობით მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, იმავე ლოგიკით, ნებისმიერი შეუძლია დააკავოს”, – ამბობდა გუჯა ავსაჯანიშვილი.
10 ივლისს გამართულ სხდომაზე მოსამართლემ უპასუხა ადვოკატის პრეტენზიასაც. არ დაეთანხმა ადვოკატს, რადგან მას არ მიიჩნია, რომ დარღვეულია ვიდეოჩანაწერის მოპოვებისა და გამოკვლევის წესი. თქვა, რომ ვიდეოს მომპოვებლები არა, მაგრამ გამომძიებელი დაიკითხა და დაადასტურა ის საგამოძიებო მოქმედებები, რაც ჩატარდა.
საბა ჯიქიას განაჩენის გამოცხადებისას სხდომათა დარბაზში 7 მანდატური იყო, დანარჩენები დერეფანში სხდომის დარბაზის კართან შეგროვდნენ. არ ყოფილა ყვირილი და ბრაზი, იყო სიჩუმე და ბევრი ცრემლი. ოჯახმა სასამართლოს შენობა უკომენტაროდ დატოვა.
რა შუაშია დანა და საბა ჯიქიას საქმე
მას შემდეგ, რაც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, 19 წლის სტუდენტი საბა ჯიქია პოლიციელზე თავდასხმაში დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა, პროსახელისუფლებო მედიებში გავრცელდა ვიდეოჩანაწერებზე დაყრდნობით ფოტოილუსტრაციები და ნახატები მინაწერით და „საბა ჯიქიას, რომელიც დანით შეიარაღებული პოლიციელს თავს დაესხა, 4 წელი და 6 თვე პატიმრობა მიესაჯა“ ( TV Imedi) ოპოზიციისთვის “სინდისის პატიმარი” – სინამდვილეში მოძალადე კრიმინალი საბა ჯიქია (POSTV – ანალიტიკას ილუსტრაციაზე საბა ჯიქიას ხელში დანა უჭირავს)
რა წერია ბრალის დადგენილებაში?
ბრალის დადგენილებაში, რომელიც პროკურატურის დაწერილია, არ არის ნახსენები დანა და არც რაიმე სხვა იარაღი, რომელიც დემონსტრანტს ხელში ეჭირა.
საბა ჯიქიას პროკურატურამ ბრალი დასდო პოლიციელზე თავდასხმაში.
„2024 წლის პირველ დეკემბერს ღამის საათებში თბილისში… პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის დროს, საბა ჯიქია თავს დაესხა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ბექა გოტიაშვილს, კერძოდ, ფეხი დაარტყა სხეულის არეში“ – წერია დადგენილებაში.
მაშ რა ეჭირა საბა ჯიქიას ხელში?
ამ საკითხზე სასამართლოს არ უმსჯელია, არც პროკურორ თამარ იაკობიძეს ჩაუთვლია საჭიროდ გაერკვია უჭირავს თუ არა ხელში რაიმე საბა ჯიქიას და თუ უჭირავს რა არის. პროკურატურას არ დაუნიშნავს ექსპერტიზა კითხვით: რა ნივთი უჭირავს საბა ჯიქიას ხელში?
რატომ არ გაარკვია პროკურორმა რა შეიძლება სჭეროდა საბა ჯიქიას ხელში?
ამ კითხვას პასუხი თამარ იაკობაძემ უნდა გასცეს, რომელიც მედიასთან კომენტარზეც უარს ამბობდა და განაჩენის გამოცხადებასაც არ დაესწრო.

ასევე ცნობილია, რომ ექსპერტიზას არ შეუძლია ზუსტად თქვას, რა შეიძლება იყოს ვიდეოში გამოსახული საკვლევი საგანი. მათ მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შეუძლიათ (მაგალითად, სავარაუდოდ ქვაა, ბოთლი, ხე ან დანა) სწორედ ეს თქვა, ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკითხულმა შსს-ს ექსპერტმა ნინო ბორაშვილმა. საბა ჯიქიას შემთხვევაში სასამართლოს ამ საკითხზე არც უმსჯელია.
არც უხსენებიათ სასამართლოში ეს დეტალი?
იმის მიუხედავად, რომ ბრალში დანა ან რაიმე ნივთი ნახსენები არაა, პროკურორი თამარ იაკობაშვილი სასამართლოში თუ მის გარეთ ამბობდა:
„ბრალდებული, რომელიც დანით იყო შეიარაღებული, მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით თავს დაესხა”.
რა ჩანს კადრებში?
ბრალმდებლებს აქვთ ვიდეო,სადაც ჩანს, როგორ არტყამს, პარლამენტის წინ კიბეებზე, სავარაუდოდ, საბა ჯიქია წიხლს სამართალდამცველს. ამ დროს მას ხელში პრიალა საგანი უჭირავს.
„თუმცა ეს პრიალა საგანი რა არის, იდენტიფიცირებული არაა… ბრალდების მხარემ სხდომაზე ძალიან ბევრი ისაუბრა იმაზე, რომ დანა ეჭირაო და დანის გამოყენებით თავდასხმააო, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, დადგენილებაში ბრალდების შესახებ მსგავსი არაფერია“, – უთხრა რადიო თავისუფლებას საბა ჯიქიას ყოფილმა ადვოკატმა ნინო მჭედლიშვილმა ჯერ კიდევ იანვარში ჩაწერილ ინტერვიუში.
დანაზე ლაპარაკი აღკვეთის ღონისძიების ეტაპზე დაიწყო, არსებითი განხილვის ეტაპზეც პროკურორი საუბარში ახსენებდა დანას, თუმცა პროცესი ისე დასრულდა, რომ მტკიცებულება არ წარუდგენია მოსამართლისთვის. დანა არ უხსენებია მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს გადაწყვეტილების გამოცხადებისასაც.
საბა ჯიქიას ახლანდელი ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილის თქმით, “პროპაგანდას არ პასუხობს”. მისთვის ყველა პასუხი ბრალის დადგენილებაშია.