თვითონ ფაქტი, შემთხვევა, მეტ-ნაკლებად ცხადია, როგორც მოხდა. არსებობს შენობასა თუ პერიმეტრზე არსებული უსაფრთხოების კამერის ჩანაწერები. რაც შეეხება მოტივაციას, რა თქმა უნდა, ამაზე თავად უნდა ისაუბროს – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, გამოძიება საზოგადოებას ინფორმაციას საკმაოდ აწვდის.
„ვხედავთ, რომ გამოძიება საზოგადოებას აწვდის საკმაოდ ინფორმაციას. თვითონ ფაქტი, შემთხვევა მეტ ნაკლებად ცხადია როგორც მოხდა. არსებობს შენობასა თუ პერიმეტრზე არსებული უსაფრთხოების კამერის ჩანაწერები. ადვოკატმაც ისაუბრა, რომ მასაც ნანახი აქვს ეს კადრები. თავად ფაქტი იქ აღწერილი არ არის. არის პერიმეტრი აღწერილი, გადაადგილებები და მოძრაობა. რაც შეეხება მოტივაციას, რა თქმა უნდა, ამაზე თავად უნდა ისაუბროს.
ადამიანი სიკვდილს ებრძოდა, ახლა თურქეთშია გადაყვანილი სამკურნალოდ. მე არ ვყოფილვარ მოსანახულებლად. იყო პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე. იყო მძიმე მდგომარეობაში, იქ ფიზიკურად ვერ მოინახულებდი ადამიანს. რეანიმაციულ განყოფილებაში იყო. იცით, რომ როგორც კი დაიწყო გაუმჯობესების დინამიკა, ოჯახის სურვილით ის გადაიყვანეს თურქეთში. ოჯახს ჰქონდა სურვილი. ამ დროს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ოჯახის გადმოსახედი და ის, რომ როგორ ისინი ხედავენ მისი ოჯახის წევრის მკურნალობას, ასე წავიდეს. ეს ოჯახის პასუხისმგებლობაცაა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, 7 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. მოგვიანებით რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. საბოლოოდ კი ის მკურნალობისთვის თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანი დააკავეს, რომელსაც სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა.
