საბა ჯიქია – ჩემს დაპატიმრებას დადებითიც ჰქონდა, ახალი ოჯახი შევიძინე, ძალიან მაგარი ბიჭები გავიცანი, თავისუფლების ფასი გავიგე – მხნედ ვარ და არ მსიამოვნებს, რომ თქვენს თვალებზე ცრემლებს ვხედავ, გაიღიმეთ ჩემთან ერთად

მე შინაგანი შიში მაინც მაწუხებს, რადგან მეშინია დამარცხების და არ მინდა მომავალმა თაობებმა მარცხის გამო გაგვკიცხონ. მზად ვარ, მხნედ ვარ და არ მსიამოვნებს, რომ თქვენს თვალებზე ცრემლებს ვხედავ, გაიღიმეთ ჩემთან ერთად, – განაცხადა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულმა 19 წლის საბა ჯიქიამ საკუთარ სასამართლო პროცესზე.
ამ წუთებში, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განაჩენის გამოსატანად სათათბირო ოთახში გავიდა.
საბა ჯიქიამ კი მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით – საბოლოო სიტყვით ისარგებლა.
„უღრმესი მადლობა ჩემი გულშემატკივრობისთვის, ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს.
რთულია იმის ყურება, როგორ ცდილობენ იძალადონ თქვენზე და როგორ ჩაახშონ თავისუფალი აზრი.
მე შინაგანი შიში მაინც მაწუხებს, რადგან მეშინია დამარცხების და არ მინდა მომავალმა თაობებმა მარცხის გამო გაგვკიცხონ, არ მინდა ჩემი და მომავალი თაობა დიქტატურაში და უსამართლობაში გაიზარდოს.
4-დან 7-წლამდე მიწევს ციხეში წასვლა და ახალგაზრდობის იქ გატარება, მაგრამ ჩემს დაპატიმრებას დადებითიც ჰქონდა, ახალი ოჯახი შევიძინე, ძალიან მაგარი ბიჭები გავიცანი, თავისუფლების ფასი გავიგე და შვილიშვილებისთვის ძალიან მაგარი მოსაყოლი მექნება, ისტორიის სწორ მხარეს ვდგავარ. მზად ვარ, მხნედ ვარ და არ მსიამოვნებს, რომ თქვენს თვალებზე ცრემლებს ვხედავ, გაიღიმეთ ჩემთან ერთად”,- განაცხადა ჯიქიამ.
ცნობისთვის, საბა ჯიქიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. კერძოდ, მას ედავებიან, რომ გდდ-ს თანამშრომელს წიხლი ჩაარტყა.
აღნიშნული ბრალი 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.