“პაპაშვილი რომ დაგეჭირათ, პულივიზატორიანი “მკვლელი” ვეღარ გაბედავდა საღებავის გამოყენებას” – თამარ ბუჩუკური
ამისთანა ღორები გვწამლავენ, წამლავენ ჩვენს შვილებს და მერე ვებრძვით ისეთ დიაგნოზებს, რომლის გაგება გვკლავს და ცოცხალ-მკვდრები ვაგრძელებთ ბრძოლას გადარჩენისთვის. რადიოლოგის სიტყვასთან ერთად: “თავის ტვინის სიმსივნეა 3×4-ზე”, ვცხოვრობ გამუდმებით. გამუდმებით ყურში მესმის – სიმსივნეა თავში, თავში სიმსივნეა, სიმსივნეა… ხან კანცეროგენული ნივთიერებით გაჯერებული რძე, მაწონი, ხან ვირის ხორცი, ხან – ჟანგიანი მილების საღებავით შეღებილი ხილია ჩვენი ოჯახების რაციონი. ეს ჩვენი სიმწრით გაზრდილი და გადარჩენილი ბავშვები რითი ვკვებოთ, რომ რეციდივი არ წავიდეს ისევ?! ან სხვებს რომ არ აღმოაჩნდეს სიმსივნე, ან სხვა მძიმე დაავადება რა ვქნათ?.. ჩვენ ჯერ კიდევ ესპანეთში ვართ, ჯერ კიდევ ვმკურნალობთ უკვე მე-14 თვეა, კიდევ დარჩა ცოტა, მაგრამ როცა დავბრუნდებით მერე რა იქნება?! ამაზე ფიქრი თავიდან მკლავს და უკვე მერამდენედ მკლავს, არ ვიცი… როგორ გავუფრთხილდე მეორედ დაბადებულ შვილს? ვიღაც გაქსუებული ღორები გადაწყვეტენ, რომ არ იცოცხლონ ჩვენმა შვილებმა და გვწამლონ.ხომ არიან საქართველოში დედები სიმწრით ნაშოვნი ფულით ხილი რომ აჭამონ ბავშვებს? ჩვენი ჭკუით, ვიტამინების მარაგებს ასე ვუქმნით და სინამდვილეში ჩვენი შვილების სიკვდილს, მძიმე დაავადებას ვაფინანსებთ. ვიტამინების მარაგის ნაცვლად ტოქსინების მარაგებს ვუქმნით. ვინ იცის, უკვე რამდენმა ადამიანმა მიირთვა შეღებილი ატამი? ეს არც შსს-მ იცის და არც სურსათის უვნებლობის სამსახურმა და ალბათ, ვერც გავიგებთ…
რა ელით მათ?! მე პირადად არ ვაბრალებ დათის დიაგნოზს კონკრეტულად მხილებულ ადამიანებს, მაგრამ ვერც გამოვრიცხავ მათ წილ ბრალსაც, ვინც კანცეროგენულ რძეზე გვაზრდევინა ბავშვები, ვინც რკინის საღებავი ასხურა ატმებს, ვინც ხბოს ხორცის ნაცვლად ვირის ხორცი გვახარშინა… შსს შინაგან საქმეთა სამინისტრო პაპაშვილი რომ დაგეჭირათ მოწყობილი “გენოციდისთვის” ეს პულივიზატორიანი “მკვლელი” დიდი ალბათობით, ვეღარ გაბედავდა ჩინური, ქიმიური საღებავის გამოყენებას ხილისთვის “ტავარნი ვიდის” მიცემის და ცეცხლის ფასად გაყიდვის გამო… შერჩევითი სამართლის შედეგი ესაა. იმდენად გაქსუებული ჰყავს რეჟიმს მკვლელი რძის პატრონი პაპაშვილი, რომ იქით ბედავს ჩივილს – ძროხები დამეცოხა, ვიზარალეო. რა ძროხები? დედებს შვილები ეხოცება კანცეროგენული ნივთიერებით გააქტიურებული სიმსივნეებითაც… ამას აბედინებს რეჟიმი და ბედავს… რეჟიმის გამაძლიერებელი პაპაშვილი ჩივილს ბედავს ხალხო. ეს უსახური პულივიზატორიანი კაცი საკანში დამსახურებულად აღმოჩნდება, მაგრამ მაგ საკანში პაპაშვილი უნდა ელოდებოდეს, აუცილებლად იქ უნდა ეგდოს. სურსათის ეროვნული სააგენტო / National Food Agency კარგია, რომ გამოავლინეთ ეს და კიდევ ბევრი შემთხვევა. კარგია, რომ ითხოვთ პულივიზატორიანი “მკვლელის” პატიმრობას, მაგრამ გაუგებარია თქვენს მიერ აღმოჩენილი კანცეროგენული ნივთიერების მქონე რძის მწარმოებლის პატიმრობა რატომ არ მოითხოვეთ? ცოცხალი შვილების დედობა გვინდა, ნუთუ რაღაც აღმატებითს ვითხოვთ? ეს საღებავიანი კაციც და პაპაშვილიც სამუდამო მსჯავრით უნდა ეყარონ საკნებში. თუმცა, სამწუხაროა, რომ მაინც ვერ გაივლიან იმ წამებას, რასაც ჩვენ ხან საოპერაციოში, ხან რეანიმაციაში, ხან ქიმიოთერაპიისას გავდივართ. ვერასოდეს გაიგებენ რას ნიშნავს როცა ბავშვი მეკითხება: “ქიმიაში მივდივართ?” ვერაფერს ვწერ შვილმკვდარ დედებზე და მათ სათქმელზე, წარმოდგენაც კი მზარავს. სიცოცხლე გვინდა, ცოცხალი შვილების დედობა გვინდა…
