“თავისუფლების მოედანის” ლიდერი ლევან ცუცქირიძე:
– ეუთომ, რომლის სადამკვირვებლო მისიამ საშინელი დასკვნა დაწერა არჩევნებზე, თავადვე მოითხოვა ახალი საპარლამენტო არჩევნები;
– ევროპარლამენტმა მიიჩნია, რომ “ქართული ოცნება” საფრთხეს უქმნის სტაბილურობას სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის აუზში და სათანადოდ მოქმედების რეკომენდაციები გასცა, რომელსაც, რაც არ უნდა იწვალონ ახლა პროპაგანდისტებმა, თავისი შედეგები მოჰყვება;
– აშშ-სთან ურთიერთობაში რამხელა უფსკრული გააჩინეს, თავად ამერიკის ელჩმა მოჰყვა ინტერვიუში;
– ბრიტანეთი ამათ უკვე ისე უყურებს, როგორც “ბოროტების ღერძის” წევრს და სათანადოდ იქცევა;
– მითი, რომ საერთაშორისო საზოგადოება ოპოზიციას ადგილობრივ “არჩევნებში” მონაწილეობისკენ უბიძგებდა, არ გამართლდა. როგორც ირკვევა, თუ რეალობის დანახვა გინდა, ის ბრიუსელიდანაც კარგად ჩანს:
– ამ “არჩევნების” საერთაშორისოდ “გაყიდვის” ამბავი დასრულებულია – ამ ფარსს სათანადო შეფასება აქვს უკვე და საერთაშორისო ლეგიტიმაციის ნიშანიც კი არ ექნება ამ ყველაფერს;
“ქართული ოცნება” საერთაშორისო ასპარეზზე ნულოვანი შედეგით დამარცხდა ოპოზიციასთან. სხვათა შორის, აქ პარტიებმა (და სამოქალაქო ორგანიზაციებმა) ძალიან კარგად ვიმუშავეთ, უკიდურესად შეზღუდული რესურსების პირობებში. და ეს მაშინ, როდესაც ივანიშვილის პარტიას ულიმიტო ფინანსური რესურსები გააჩნია, მის პარტიულ სამსახურშია საელჩოები და სამინისტროები. ამის მიუხედავად, პირწმინდად მოვუგეთ დიპლომატიური ომი ოცნებას. საქართველოსთვის ეს სამომავლოდაც ძალიან მნიშვნელოვანია – ჰყავდეს პარტიები, რომლებსაც დიპლომატიის კარგად წარმოება შეუძლიათ.
თუმცა, მთავარი მაინც სახლში ხდება:
იქით მხარეს, გუნდის შიგნით ტყვია გავარდა. და რა მოჰყვა ამას? სიკვდილის პირას მყოფი კაცის ფეისბუქიდან ამოშლა დაიწყეს დაბნეულმა და შეშინებულმა მედროვეებმა, ვითომ ტრადიციული ქართველობისა და ძმობის დამცველებმა, თანაც იმათ, გუშინ რიჟვაძეს ქორწილში რომ სუფრის გაძღოლას ანდობდნენ და შვილებს ანათლინებდნენ.
აქეთ მხარეს კი, 60-ზე მეტი სინდისის პატიმარია და მათ უმრავლესობას საუკეთესო წლები ჯერ კიდევ წინ აქვს. ერთი მათგანიც კი არ გატყდა და ამ სოციპათიურ, უსამართლო რეჟიმს ქედი არ მოუხარა. სულაც პირიქით: სხდომების მედიისთვის დახურვა მოუწიათ იმიტომ, რომ ეთერში გადაცემული ყოველი სხდომა მათთვის კატასტროფით მთავრდებოდა. ახლაც კი, მოწმეები ბრალდებულებს ხელს ვერ ადებენ პირდაპირ და გამოსვლისას სახეს მალავენ ხოლმე.
რაღა არ გამოვიარეთ: წამება, მოწამვლა, სასტიკი დარბევები, შეურაცხყოფა, დაშინება, ზეწოლა, დაპატიმრება. და რა მოხდა? სრულიად უცნობმა ადამიანებმა ერთმანეთი ვიპოვეთ, წამოვაყენეთ, გადავეფარეთ, გავერთიანდით, ერთმანეთს ხელი ჩავჭიდეთ და 220 დღეზე მეტია მხარდამხარ და მტკიცედ ვდგავართ.
და თქვენ კიდევ მეკითხებით, რატომ ვარ დარწმუნებული ჩვენს გამარჯვებაში?