საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ ჩატარდება.
მისი თქმით, ამ ქვეყანაში ვინმეს თუ სჯერა, რომ ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება, ეს არის დიდი მითი.
„არ არსებობს არჩევნები, არსებობს მხოლოდ არჩევნების თემა, რომელიც შემოგდებულია „ქართული ოცნების“ მიერ, იმისთვის, რომ დააპირისპიროს და გახლიჩოს ოპოზიცია, არარსებული არჩევნების მომხრეები და მოწინააღმდეგეები…
მე ვარ დარწმუნებული, რომ არ ჩატარდება ეს არჩევნები და ხელისუფლება არ მიიყვანს ბოლომდე ამ არჩევნების მითს. მაგრამ მანამდე კი გაიხლიჩა ოპოზიცია და დასუსტდა პროტესტი. არჩევნებში მონაწილე მხარე ხომ წარუმატებლობით დაამთავრებს იმიტომ, რომ არ არსებობს წარმატების ფორმულა, თვითონ მონაწილეობის მომხრე პარტიებიც არ აცხადებენ ამბიციას, რომ გაიმარჯვებენ რეჟიმზე, ან თუნდაც დაასუსტებენ რეჟიმს. არ ვიცი, რა არის მათი მიზანი. თუ ეს არის პარტიული კონსოლიდაცია, ესეც არ მოხდება, უკვე ისეთი დისკრედიტაცია მოჰყვა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მეორე მხრივ, ზურაბიშვილის თქმით, ბოიკოტი, როგორც კამპანია, რომელიც ისახავს რამე შედეგს, ესეც აბსურდია.
„არ არსებობს მაგალითი ბოიკოტის, რომელიც გამოცხადებული იქნა, როგორც რაიმე გამარჯვება. ცხადია, რომ დღევანდელ პირობებში როგორც გაყალბდება არჩევნები, თუ ვინმემ მიიღო მონაწილეობა, ასევე გააყალბებენ ბოიკოტს, კიდევ უფრო ადვილად. შიშის, ფულის, მუქარის პირობებში შეიძლება წაიყვანო ადამიანები არჩევნებამდე, რომც იყვნენ ამის მოწინააღმდეგეებიც კი და თუ დათვლადი იქნება ეს ბოიკოტი, შეიძლება რეჟიმს ეს გაასაღოს, როგორც მისი გამარჯვება და საერთოდ დიქტატორულ რეჟიმებში ასე მთავრდება ბოიკოტის კამპანიები.
ამიტომ ჩვენ არც არჩევნებში მონაწილეობის კამპანია არ გვაწყობს და არც ბოიკოტის კამპანია, რადგან ორივე მხრივ გახლეჩილები ვართ. ერთი მხრივ, იხარჯება ძალიან დიდი ფულადი რესურსები, როგორც აცხადებენ ის პარტიები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ, და მეორე მხრივ, ადამიანური რესურსი, რომელიც უნდა მიდიოდეს პროტესტში და რომელიც დაიხარჯება ბოიკოტის კამპანიაში, რომლის შინაარსის გაგება ცოტა მე მიჭირს და ალბათ თქვენც.
ჩვენი გამოსავალი რა არის – რაც იყო გუშინ და რაც რჩება დღეს, ერთიანობა და ყველაფერი ის, რაც ემსახურება დაპირისპირებას, გახლეჩას და უიმედობას, ეს არის ბოლო ბერკეტები, რაც გააჩნია უკვე ნაწილობრივ ჩამოშლილ „ოცნების“ რეჟიმს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
