„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა და გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი და პარტიის ლიდერი, ლევან სანიკიძე დიდ ბრიტანეთში ბრიტანეთის ჩრდილოვან საგარეო საქმეთა მინისტრს, თემთა პალატის წევრს, პრიტი პატელს შეხვდნენ.
მათივე ცნობით, „მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე, ივანიშვილის და მისი გარემოცვის სანქცირების აუცილებლობაზე ისაუბრეს”.
„პარტიის ლიდერებმა შეხვედრის ფარგლებში, ასევე ისაუბრეს საქართველოს სამომავლო შესაძლებლობებზე, რეგიონისთვის საქართველოს სახელმწიფოს ეკონომიკურ მნიშვნელობაზე, უსაფრთხოების გარანტიებზე, შავი ზღვის/სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების არქიტექტურაზე და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივაზე.
საუბარი ასევე შეეხებოდა სირიის ახალი ხელისუფლების მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების უკან წაღების მნიშვნელობას”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ნაციონალური მოძრაობის” დელეგაცია – თინა ბოკუჩავა, პეტრე ცისკარიშვილი და ლევან სანიკიძე ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფებიან, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს ლორდთა და თემთა პალატის წევრებთან მართავენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს.
