“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ეხმაურება ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციას საქართველოს შესახებ. მისი შეფასებით რეზოლუცია ერთი მხრივ არის ვერდიქტი “ქართული ოცნებისთვის, მეორე მხრივ კი – მხარდაჭერა და პატივისცემა პროევროპულ პროტესტში ჩართული მოქალაქეების მიმართ.
“ევროპარლამენტმა მიიღო 2-წლიანი შეფასების უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი და ვერდიქტი დაუსვა როგორც ქართულ ოცნებას, ასევე უდიდესი მხარდაჭერა და პრაქტიკულად, უდიდესი პატივისცემა გამოხატა ყველა იმ პოზიციის, შეგრძნების, აზრის მიმართ, რომელიც ისმის რუსთაველზე ჩვენს ამ დიდ, პროევროპულ, პროქართულ ბრძოლაში.
აქვე, ამ რეზოლუციაში საუბარია კონკრეტულ სადამსჯელო გადაწყვეტილებებზე, საკმაოდ მტკივნეულზე “ქართული ოცნების” მიმართ და ევროპა გამოხატავს მზაობას მოქმედებისთვის. ამიტომ, ეს არის ნამდვილად ძალიან დიდი გამარჯვება ჩვენი პროდასავლური, პროქართული, საერთო ეროვნული ბრძოლის და ყველა ადამიანი, რომელიც იბრძვის, იქნება დღეს ციხეში და საკნიდან გვიყურებს, რუსთაველზე თუ სასამართლოს ეზოში – უნდა იცოდეთ, რომ ყველა თქვენს მოქმედება აქვს უდიდესი აზრი. იმიტომ, რომ ის ესმის მსოფლიოში, ევროპაში ყველაზე ძლიერ სახელმწიფოთა წარმომადგენლებს”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
დღეს, 9 ივლისს, ევროპარლამენტმა მიიღო კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს შესახებ. ეს არის ევროპარლამენტის პირველი ანგარიში საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის შესახებ.
გაფართოების შესახებ ყოველწლიური ანგარიშები წარმოადგენს ევროპარლამენტის პასუხს ევროკომისიის ანგარიშებზე კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი სახელმწიფოების შესახებ. ამ შემთხვევაში ევროპარლამენტმა შეაფასა საქართველოს პროგრესი კომისიის 2023 და 2024 წლების ანგარიშების საფუძველზე და მიიღო რეზოლუცია, რომელიც წარმოადგენს პარლამენტის ოფიციალურ პოზიციას გაწევრიანების შესახებ კანდიდატ საქართველოსთან.
რეზოლუციის შინაარსს დეტალურად გაეცანით ამ ბმულზე:
· ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა
