ნანა მალაშხია საბა სხვიტარიძის საქმეზე – „ტიტუშკები“ სახეს მალავდნენ და აგრესიულები იყვნენ – ერთი მათგანი შევიცანი, ვკითხე, საიდან მოვიდა, ხმა არ ამოუღია და შემდეგ ტელევიზიით გავიგე, რომ პოლიციელი ყოფილა – რაც შეეხება დაპირისპირებას, არ დამინახავს

„ტიტუშკა“ შევიცანი, მივედი, ვკითხე, საიდან მოვიდა, ისიც კი ვუთხარი, რომ „ტიტუშკა“ იყო, ხმა არ ამოუღია და რამდენიმე დღის შემდეგ, ტელევიზიით გავიგე, რომ ის პოლიციის თანამშრომელი ყოფილა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა ნანა მალაშხიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მალაშხია პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძის საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა. მან ინციდენტის დღეს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. როგორც მან განმარტა, ის სასტუმრო „ქორთიად მერიოტში” დაახლოებით, 20:00 საათზე, ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრაზე მივიდა. მალაშხიამ სასტუმროს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
„ტიტუშკები“, სახეს მალავდნენ და საეჭვოდ იქცეოდნენ, აგრესიულები იყვნენ, როცა ვეკითხებოდით, ვინ იყვნენ, არ გვპასუხობდნენ. „ტიტუშკა“ შევიცანი, მივედი, ვკითხე, საიდან მოვიდა, ისიც კი ვუთხარი, რომ „ტიტუშკა იყო“, ხმა არ ამოუღია და რამდენიმე დღის შემდეგ, ტელევიზიით გავიგე, რომ ის პოლიციის თანამშრომელი ყოფილა.
შეეძლო ერთი სიტყვა მაინც ეთქვა, რომ პოლიციელი იყო. შემდეგ მივედი პოლიციელებთან და დახმარება ვთხოვე, რადგან „ტიტუშკებისგან“ უსაფრთხოდ არ ვგრძნობდი თავს არც მე და არც ჩემი თანაგუნდელები.
მე არ დამინახავს დაპირისპირება, მარჯვენა მხარეს ვიყავი და ეს მოპირდაპირე მხარეს მოხდა. როგორც კი მივედი, ფაქტობრივად, ყველაფერი დასრულებული იყო“, – განაცხადა მალაშხიამ.
პროკურორის როინ ხინთიბიძის კითხვაზე, საბა სხვიტარიძეს რამე საგანი, ხელკეტი ხომ არ ეჭირა ხელში, მალაშხიამ უარყოფითი პასუხი გასცა.
ცნობისთვის, საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.
სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, სხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცავმა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსმა მირიან ქავთარაძემ ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი.
აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს საბა სხვიტარიძეს. ის სამართალდამცავების მხრიდან დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის რამდენიმე ეტაპზე საუბრობს.