9 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიმართ კრიტიკის შესახებ დასმულ კითხვაზე კრემლმა განაცხადა, რომ მოსკოვი „მშვიდად“ არის კრიტიკასთან დაკავშირებით და რომ გააგრძელებს აშშ-რუსეთის „გაფუჭებული “ ურთიერთობების გამოსწორების მცდელობას.
რეპორტიორებთან საუბარში კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა: „ჩვენ საკმაოდ მშვიდად ვართ ამ საკითხთან დაკავშირებით“.
„მოველით, რომ გავაგრძელებთ დიალოგს ვაშინგტონთან და ჩვენს ხაზს საკმაოდ გაფუჭებული ორმხრივი ურთიერთობის გამოსწორებისთვის“, – დასძინა მან.
ტრამპმა 8 ივლისს განაცხადა, რომ დაამტკიცა აშშ-ის თავდაცვითი იარაღის გაგზავნა უკრაინაში და განიხილავს მოსკოვისთვის დამატებით სანქციებს, რითაც ხაზი გაუსვა იმედგაცრუებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ.
ტრამპმა, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა, პირობა დადო, რომ უკრაინაში ომს ერთ დღეში დაასრულებდა, მაგრამ ვერ შეძლო ამ დაპირების შესრულება – თავისი ადმინისტრაციის მიერ მშვიდობის დამყარების მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა.
პესკოვმა განაცხადა, რომ ტრამპი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მოგვარება ადვილი არ იქნებოდა.
Reuters-ის სააგენტოს მოჰყავს პესკოვის სიტყვები: „ჩვენ ასევე მოვისმინეთ ტრამპის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, რომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარება გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე მას თავიდან ეგონა“.