პარლამენტის არც ერთ კომიტეტს არც ერთი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი კომიტეტის ფორმატში არ დაუბარებია და მისთვის არ მოუსმენია.
შესაბამისი ინფორმაცია საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა წარმოადგინა, რომლის თანახმად, 1-ელი აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით არც ერთ კომიტეტს არ მიუღია გადაწყვეტილება კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ, ასევე არც ფრაქციას მოუთხოვია კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო წესით თანამდებობის პირის დასწრება და არც თავად თანამდებობის პირებს მოუმართავთ პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე მისვლისა და მოსმენის მოთხოვნით.
„არც კომიტეტებს მიუმართავს თანამდებობის პირებისთვის და არც თანამდებობის პირებს მოუმართავთ კომიტეტებისთვის – ასეთი მოცემულობა გვაქვს“, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა დღეს გამართულ სხდომაზე.
აღსანიშნავია, რომ კომიტეტმა ანალოგიური დასკვნა წარმოადგინა წინა თვეებშიც.
ამ შემთხვევაში საუბარია პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ მექანიზმზე, რომლის მიხედვით, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირები უფლებამოსილი, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებული არიან პარლამენტის კომიტეტის სხდომას დაესწრონ და სხდომაზე დასმულ შეკითხვებს პასუხი გასცენ. ასევე, პოლიტიკურ თანამდებობის პირებს მისი მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომიტეტმა.
