“გიორგის შეყვირების ხმა გავიგე და დავიძახე, ხელი არ დაარტყათ, რა ხდება-მეთქი. ჩვენ ხელს არავის ვურტყამთო, შენ მაგაზე არ ინერვიულოო”

თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიორგი ახობაძის პროცესზე მოწმის სახით მისი მეგობარი, ლევან ბერიძე იკითხება. ბერიძე ახობაძის დაკავების დროს, მასთან ერთად იმყოფებოდა. ლევან ბერიძემ 7 დეკემბერს აქციაზე გიორგი ახობაძესთან შეხვედრა და საუბარი გაიხსენა. როგორც ის ამბობს, ახობაძემ აქციის მონაწილეებისთვის საკვებისა და წყლის მიტანაში დახმარება სთხოვა. ლევან ბერიძის ჩვენების დეტალებს სასამართლო დარბაზიდან “ნეტგაზეთი” ავრცელებს:
„სადღაც პირველი საათი სრულდებოდა, დავამთავრეთ წყლები, სენდვიჩები. შევატყვე, რომ გიორგის შეამცივნა. მეც შემცივდა, ღამენათევები ვიყავით თან და ვკითხე, ხომ არ წავიდეთ-მეთქი. მანქანით ვარ და წავიდეთო. ხელი დამაყრდნო. მისი ფიზიკური მდგომარეობა ვიცით. მანქანა ეყენა მარიოტის უკან და სვენებ-სვენებით წავედით. ეს ის ღამეა, ხაბაზი რომ სცემეს. ვუთხარი, შენს სახლში მივიდეთ და მერე მე ტაქსის გამოვიძახებ-მეთქი. ვფიქრობდი, ვინმე არ დახვდეს-მეთქი. მეუბნებოდა, არანაირი პრობლემა არ არის, სულ ასე დავდივარ, ვინ უნდა დამხვდესო. ჩამოვედით სანაპიროზე. მე თბილისი კარგად არ ვიცი, მაგრამ მივხვდი, რომ მე მივყავდი სახლში. ამ დროს ციმციმები აინთო უკან. შენელება დაიწყო გიორგიმ. ხმა არ გესმისო? „შეანელე“, გვესმოდა უკან. ეტყობა რაღაცა გადავკვეთეო. დრო მახსოვს, როცა გაგვაჩერეს. ფეისბუქში ვიყურებოდი. 01:31 საათი იყო” | თქვა ბერიძემ. მისივე თქმით, ახობაძეს წერეთლის გამზირზე მიჰყავდა, სადაც მისი სტუდენტი შვილი ცხოვრობს, პატრულმა კი ისინი სანაპიროზე გააჩერა.
“მაღალი კაცი იყო ეს პატრული. სახე ვერ დავინახე. საბუთები წარმოგვიდგინეთო. ამოიღო გიორგიმ და გადააწოდა საბუთები. პერიფერიული მხედველობით დავინახე, რომ პატრულის მეორე თანამშრომელი მოდიოდა. გადმობრძანდით მანქანიდანო. გიორგი ხომ მშვიდობაა-მეთქი. კი, არაა პრობლემაო. გადაღება არ დამიწყია, ახლა ვნანობ.
გადავიდა გიორგი, ერთი ნაბიჯი გადადგა და მოვიდა ერთი მანქანა, მეორე მანქანა, უკნიდან კიდევ სხვები. ხელი არ გაანძრიოო. წინ გაგვიჩერდა კიდევ ერთი მანქანა, რომლითაც მერე მე გადამიყვანეს. ჯამში ოთხი მანქანა იყო. ორი წინ და ორი უკან. მანქანიდან მეც გადმომიყვანეს. სამი პოლიციელი მოვიდა. ორმა გადმომიყვანა, ერთი წერდა. შემოვიდა ერთი მანქანაში, რა ჩადეო. მეთქი ღვედი მოვიხსენი, რა ჩავდე-მეთქი….
ჩემთან ჯერ სამი ადამიანი იყო, მიემატა მეოთხე. მაგრამ გიოსთან გაცილებით მეტი ადამიანი იყო. 5-6 ადამიანი მაინც იყო. ვნერვიულობდი მასზე, ვუყურებდი. მე ნორმალურად მექცეოდნენ. გიორგი ემოციურია და მეშინოდა, ჩხუბი არ დაიწყოს-მეთქი. ჩვენ შორის მანძილი 30-40 მეტრი მაინც იქნებოდა.
გამხადეს ზემოთ. ქურთუკი ცალკე გაჩხრიკეს. ფეხსაცმელი და წინდები გამხადეს. ფეხშიშველი ვიდექი. შარვალიც გავიხადო-მეთქი? ერთმა კიო, მეორემ არაო. მერე კარგი არ გინდაო. მერე მოვიდა ორი ადამიანი გიორგის მხრიდან. ერთი უფროსი იყო და მეორე მოადგილე, მერე განყოფილებაში რომ ვნახე. პოლიტიკური პოლემიკა გაიმართა ჩვენ შორის.
ერთი ცოტა მაღალი იყო, მსუქანი, ლოყებიანი. მოადგილე ყოფილა ეგ. მეორე სუსტი იყო და მაღალი. ეგ ყოფილა უფროსი. [გიორგი გურეშიძე იყო ერთ-ერთი, რომელიც გიორგი ახობაძემ ერთ-ერთ სხდომაზე ამხილა, როგორც ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობდა მისი თქმით, ნარკოტიკების ჩადების ოპერაციას. მოწმე პოლიციელები ამტკიცებდნენ სასამართლოში, რომ გიორგი გურეშიძე იქ საერთოდ არ იმყოფებოდა]…
გიორგის შეყვირების ხმა გავიგე და დავიძახე, ხელი არ დაარტყათ, რა ხდება-მეთქი. ჩვენ ხელს არავის ვურტყამთო, შენ მაგაზე არ ინერვიულოო. ამას უსიამოვნო ლაპარაკი მოჰყვა ჩვენ შორის. შეურაცხყოფა მივაყენე. უზრდელობად ჩამითვალეს…
…ეს არის ჩემი ძმა, [ახობაძე] ამას ენაცვალოს ჩემი თავი. ღმერთს იმას ვთხოვ, რომ ჩემი შვილები მისნაირები გაიზარდონ. შვიდი თვეა, მისი ხმა მენატრება. დედაჩემმა 3 და 6 თვე რომ იცოცხლა მეტი, ამის დამსახურებაა. ვიცი, რომ მართალი ვარ, ვიცი, რომ ცამდე მართალია და მინდა, რომ ამ სიმართლეში შევეხიდო. მეტი არაფერი” | თქვა ბერიძემ და მოსამართლეს კითხა, შეეძლო თუ არა მეგობრისთვის ხელის ჩამორთმევა, თუმცა უარი მიიღო:
ლევანი: ძალიან რომ გთხოვოთ?
მოსამართლე: გიპასუხეთ, რომ არ შეიძლება”