ნიკოლოზ ჯავახიშვილი გამომძიებელს – მე ხომ არ მიცნობთ? – მითხარით თუ არა, აქციაზე რაღაცებს რომ გვესროდი, მიდი, ახლა გვესროლეო?

გამომძიებელმა სასამართლოში ჩვენება მის მიერ განხორციელებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელსაც კითხვებით მიმართა ჯავახიშვილმა.
“მე ხომ არ მიცნობთ?”,- ჰკითხა მას ბრალდებულმა, რაზეც გამომძიებელმა უარყოფითი პასუხი გასცა, რის შემდეგაც, მას ჯავახიშვილი კვლავ ჩაეკითხა, თუ სად იმყოფებოდა ის 5 დეკემბერს.
“5 დეკემბერს სად ვიმყოფებოდი, არ მახსოვს, შეიძლება სხვა საგამოძიებო მოქმედებას ვატარებდი”, – განაცხადა გველესიანმა.
“ღია ფერია ჯინსის შარვალი გეცვათ, ოთახში შემოხვედით, შემიძლია, ზუსტად ის სიტყვები გავიმეორო, რაც მითხარით, თუ სასამართლო ნებას მომცემს”, – განაცხადა ჯავახიშვილმა, რაზეც გამომძიებელმა უპასუხა, “ვერ გიხსენებთო”.
“მითხარით თუ არა, აქციაზე რაღაცეებს რომ გვესროდი, მიდი, ახლა გვესროლე, “შე … ბავშვოო””, – მიმართა მას ბრალდებულმა, რაზეც გველესიანმა უპასუხა, რომ “ასეთი რაღაც არ ყოფილა”.
მოწმეს ადვოკატმა ელგუჯა ავსაჯანიშვილმაც მიმართა კითხვით, ნიკოლოზ ჯავახიშვილი აცხადებს, რომ თავში წამორტყმის ფაქტი იყო, ხომ არ შესწრებია ის ამას.
“არა, ჩემი მხრიდან იყო? ასეთი რაღაც არ ყოფილა”, – განაცხადა გველესიანმა.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.