ეუთო/ოდირი ობიექტურ დამკვირვებლად თუ მიაჩნიათ [ოპოზიციას] და ეუთო/ოდირის სიტყვა გადამწყვეტი, ერთ-ერთი წამყვანია ასეთ ვითარებაში, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მათი დასკვნა აღიარონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ამის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება ნახევარ საათში მიიღებს გადაწყვეტილებას მათი მოწვევის თაობაზე.
„ეუთო/ოდირი ობიექტურ დამკვირვებლად თუ მიაჩნიათ და ეუთო/ოდირის სიტყვა გადამწყვეტი, ერთ-ერთი წამყვანია ასეთ ვითარებაში, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მათი დასკვნა აღიარონ იმ ადამიანებმა, რომლებიც ახლა მოგვიწოდებენ, ისევ ეუთო/ოდირზე გავაკეთოთ სწორება. ამის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება ნახევარ საათში მიიღებს გადაწყვეტილებას მათი მოწვევის თაობაზე, მაგრამ ისევ ის ფარსი გავითამაშოთ, რომ დაბულინგებული ეუთო/ოდირი ჩამოვიყვანოთ და შემდეგ, კაცმა არ იცის, იმ დასკვნას ვინ სად მოისვრის? ასეთ ვითარებაში საუბარიც ზედმეტია. ავტორიტეტულად მიიჩნევ? აღიარე. თქვი, ვეთანხმებით 2024 წლის არჩევნების დასკვნას, სადაც არჩევნები კონკურენტუნარიანად არის ნაღიარები. იქვეა მოწოდება, რა უნდა გამოასწოროს საქართველოს ხელისუფლებამ. დასკვნაში ეუთო/ოდირი ხელისუფლებას აღიარებს და ეუბნება, რომ დანარჩენი ნაწილი, რაზეც გესაუბრები შენ, ლეგიტიმურო ხელისუფლებავ, კიდევ უფრო გააუმჯობესე.
თავად ეუთო/ოდირის თავმოყვარეობის საკითხია, ვიდრე ჩვენ მოგვმართავს, მივიდეს ევროპარლამენტთან და იმას მიმართოს, უკიდურესად შეურაცხყოფილი ვართ, რომ 2024 წლის დასკვნა არ გაიზიარეთ, სანაგვე ყუთში მოისროლეთო. შემდეგ გავაგრძელოთ დანარჩენზე საუბარი, მანამდე ამის გაკეთება არ ღირს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
