აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნით უკრაინას დამატებით იარაღს უგზავნიან.
პენტაგონის პრესსპიკერის, შონ პარნელის შესაბამისი განცხადება უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„პრეზიდენტ ტრამპის მითითებით, თავდაცვის სამინისტრო უკრაინას დამატებით თავდაცვით იარაღს უგზავნის, რათა უკრაინელებს შეეძლოთ საკუთარი თავის დაცვა, მაშინ, როცა ჩვენ ვმუშაობთ მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად და მკვლელობების შესაჩერებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
პენტაგონში აცხადებენ, რომ ჩარჩო, რომელიც მთელ მსოფლიოში სამხედრო გადაზიდვების შეფასებას ეხება, ძალაში რჩება და „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ თავდაცვის პრიორიტეტების განუყოფელი ნაწილია.
შეგახსენებთ, აშშ-ის ადმინისტრაციამ მიმდინარე თვის დასაწყისში უკრაინისთვის ძირითადი იარაღის, მათ შორის Patriot-ის ტიპის რაკეტების მიწოდება, პენტაგონის მიერ მარაგების გადახედვის გამო შეაჩერა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას მეტ იარაღს გაუგზავნის, რათა ქვეყანას რუსეთის თავდასხმებისგან თავის დაცვაში დაეხმაროს. „ჩვენ კიდევ უფრო მეტ იარაღს გავგზავნით. აუცილებლად უნდა გავაგზავნოთ. მათ უნდა შეეძლოთ თავის დაცვა. ახლა ისინი ძალიან ძლიერ დარტყმებს იღებენ. ისინი ძალიან ძლიერ დარტყმებს იღებენ. ჩვენ მეტი იარაღის, უპირველეს ყოვლისა, თავდაცვითი იარაღის გაგზავნა მოგვიწევს“, – განაცხადა ტრამპმა.
