ტელეგრამის არხების – Shot-ის, Mash-ის და 112-ის, ასევე გაზეთ “კომერსანტის” თანახმად, თავი მოიკლა რუსეთის ტრანსპორტის ყოფილმა მინისტრმა რომან სტაროვოიტმა. ის 7 ივლისს გაათავისუფლეს თანამდებობიდან.
გაზეთის თანახმად, სტაროვოიტი მკვდარი – ნატყვიარებით – მოსკოვის შემოგარენ ოდინცოვოში ნახეს.
სტაროვოიტი თანამდებობიდან პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გაათავისუფლა, მიზეზების დაკონკრეტების გარეშე. უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა მინისტრის მოადგილე და ნოვგოროდის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ანდრეი ნიკიტინი. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე თვის განმავლობაში იყო დამუშავების პროცესში.
გამოცემა Mash-ი იუწყება, რომ სტაროვოიტის თვითმკვლელობის მიზეზი, შესაძლოა, იყო სისხლის სამართლის საქმე. გამოცემის წყაროს ინფორმაციით, სტაროვოიტი ეჭვმიტანილი იყო განსაკუთრებულად მსხვილი მასშტაბის თაღლითობაში. “კომერსანტის” ცნობით, სტაროვოიტის წინააღმდეგ ჩვენებები მისცეს მონაწილეებმა საქმისა, რომელიც ეხება, სულ მცირე, 1 მილიარდი რუსული რუბლის (დაახლოებით 12 მილიონი დოლარი) მიტაცებას. ეს თანხა გამოყოფილი იყო უკრაინასთან საზღვარზე გამაგრებული ნაგებობების მშენებლობისთვის. იუწყებიან, რომ მათ შორის ჩვენება მისცა კურსკის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა ალექსეი სმირნოვმა.
სტაროვოიტი 2024 წლის მაისში გახდა სამინისტროს ხელმძღვანელი. მანამდე, 2018 წლის ოქტომბრიდან იგი კურსკის ოლქის გუბერნატორი იყო. რეგიონის ხელმძღვანელის თანამდებობაზე სტაროვოიტი შეცვალა ალექსეი სმირნოვმა – რომელიც მიმდინარე წლის აპრილში დააპატიმრეს, უკრაინასთან საზღვარზე გამაგრებული ნაგებობების მშენებლობის პროცესში მაქინაციების საქმესთან კავშირით. ამჟამად კურსის ოლქის გუბერნატორია სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი ალექსანდრ ხინშტეინი.
