ირაკლი ღარიბაშვილი მივიდა კლინიკაში, რომელშიც თორნიკე რიჟვაძე გადაიყვანეს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი მივიდა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გადაიყვანეს.
ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც კლინიკაში ცოლთან, ნუნუ თამაზაშვილთან ერთად იმყოფება, მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. სწორედ ღარიბაშვილის პრემიერობის დროს იკავებდა რიჟვაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის თანამდებობას.
დღეს, 7 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, რომელსაც „გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა“, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ შეიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო. მოგვიანებით კი საგარეჯოდან თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული.
საქმე აღძრულია „სისხლის სამართლის კოდექსის“ 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.
პროსახელისუფლებო მედიის გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა. იგივე მედიასაშუალებები ავრცელებენ წერილს, რომელიც, მათი მტკიცებით, თორნიკე რიჟვაძის დაწერილია და ექიმისგან მიიღეს.
კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსში“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მძიმე მდგომარეობაში შეყვანილი პაციენტების შესახებ პერსონალური ინფორმაცია და პირადი ნივთები გადაეცემათ მხოლოდ ოჯახის წევრებს ან კანონით დადგენილ შემთხვევაში – პოლიციას. მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას გამორიცხავენ „პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშიც“. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურსაც. მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.

რიჟვაძის საქმეზე პოლიციამ უკვე დააკავა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი. მას ედავებიან იარაღის დაუდევრად შენახვას. ამ შემთხვევაში საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით.
ტელეკომპანიების, „პირველის“ და „მთავარი არხის“ ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოში, ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის და ამჟამად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა.
თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იყო 2018 წლის ივლისიდან.
რიჟვაძე თანამდებობიდან 2025 წლის 4 აპრილს გადადგა. მან გადაწყვეტილების შესახებ ფეისბუკის გვერდზე დაწერა.
ფორუმი