„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, თორნიკე რიჟვაძის დაჭრა მძიმე შემთხვევაა.
„რა თქმა უნდა, მძიმე შემთხვევა არის, სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ თორნიკეს. იცით, რომ გამოძიება მიმდინარეობს, ყველა დეტალი ამ შემთხვევისა გაირკვევა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
კითხვაზე ვინ აბრალებდა თორნიკე რიჟვაძეს „კორუფციას და ბარიგების მფარველობას“, პაპუაშვილი ზოგად პასუხს სცემს და ამბობს, რომ გამოძიება დაადგენს.
„გამოძიება ხომ ამიტომ არის. შინაგან საქმეთა მინისტრი თავად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. გამოძიების წარმოება არის და გამოძიება დაადგენს. სხვა დეტალები მე არ ვიცი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შს სამინისტროს ცნობით, დღეს, 7 ივლისს, საგარეჯოში მდებარე კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსში“ შეყვანილი იქნა აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
პროპაგანდისტული მედიის ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობის წინ წერილი დატოვა და ივანიშვილს ოჯახის დაცვა სთხოვა. ამავე დროს, წერილის შესახებ შს სამინისტროს არაფერი განუცხადებია.
თუმცა, სანდო წყაროებმა „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ არავითარი წერილი ჟურნალისტებისთვის მედპერსონალს არ მიუწოდებია. საგარეჯოს კლინიკას ამ საკითხზე, ჯერჯერობით, განმარტება არ გაუკეთებია. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც თორნიკე რიჟვაძე მძიმე მდგომარეობით იმყოფება, უარყოფენ, მედიისთვის რაიმე წერილის მიწოდებას. პაციენტის შესახებ მსგავსი ინფორმაციის გავრცელება კანონმდებლობით აკრძალულია.
