აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის დაჭრის საქმეზე იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით დააკავეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი. მას ჯარიმის დაკისრება ან სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის მუხლით.
დღეს, 7 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, რომელსაც „გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა“, საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალსში შეიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული. ამ შემთხვევაში გამოძიება დაწყებულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. შსს-ს ცნობითვე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული.
ტელეკომპანიების, „პირველის” და „მთავარი არხის” ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოში, ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის და ამჟამად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა.
თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იყო 2018 წლის ივლისიდან.
რიჟვაძე თანამდებობიდან 2025 წლის 4 აპრილს გადადგა. მან გადაწყვეტილების შესახებ ფეისბუკის გვერდზე დაწერა.
ფორუმი